UEFA-მ, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის დორტმუნდში, თამაშის დაწყებამდე სტადიონზე ხანმოკლე ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროს, ხოლო თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია 25 000 ევროს ოდენობით დააჯარიმა.
როგორც AP news წერს, გადაწყვეტილება UEFA-მ ორშაბათს გამოაცხადა.
ამასთანავე, UEFA-მ „ევრო 2024“-ის თანაორგანიზატორი გერმანიაც დააჯარიმა. მის წინააღმდეგ ორი ჯარიმა გამოიწერა ჯამში 20 000 ევროს ოდენობით. გერმანიის დარღვევები მოედნის დაცვასა და წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხებოდა. ამასთანავე, როგორც მედია წერს, მოედანზე მაყურებლებს კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადასაღებად გასვლის უფლება არ ჰქონდა. ჯარიმის ერთი ნაწილი სწორედ ამ დარღვევას უკავშირდება.
AP-ს ინფორმაციით, ყველაზე დიდი რაოდენობის ჯარიმა სხვადასხვა საგნის სროლისთვის გამოიწერა, ამისთვის შემდეგი ქვეყნები დაჯარიმდნენ: 68 625 ევროს და 60 000 ევროს ოდენობით სერბეთი, 63 875 ევროს ოდენობით ხორვატია, 57 375 ევროს ოდენობით ავსტრია. 10 000 ევროთი დაჯარიმდნენ ინგლისი და რუმინეთი მოწინააღმდეგე გუნდის ეროვნული ჰიმნის შესრულების ჩაშლის გამო.