2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ჯარიმები წესდება.
უფრო კონკრეტულად, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების შემოწმებისას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრმა ხარვეზები არ დააფიქსირა, სახიფათო დარღვევის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მნიშვნელოვანი - 2000 ლარით, უმნიშვნელო - 500 ლარით. აღნიშნულის მონიტორინგი კი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალება.
როგორც „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა პრესკლუბში „კვირა“ განაცხადა,აღნიშნული რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ ცენტრებმა უფრო ობიექტურად განახორციელონ ავტომობილის შემოწმება.
„2025 წლიდან იგეგმება, რომ განხორციელდეს ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი. მონიტორინგს განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. განსაზღვრული იქნება გარკვეული საჯარიმო სანქციები, იმ შემთხვევაში თუ ტექინსპექტირების ცენტი არ დაახარვეზებს ავტომობილს, მაგალითად სახიფათო ხარვეზზე, მათთვის იქნება 5000 ლარიანი ჯარიმა გამოწერილი, თუ არ დაახარვეზებს მნიშვნელოვანზე, იქნება 2000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო უმნიშვნელოზე - 500 ლარიანი. საკმაოდ მკაცრი სანქციები იქნება და აღნიშნული უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტად ობიექტურად განახორციელონ ცენტრმა მონიტორინგი. მოგეხსენებათ, ადამიანური ფაქტორიც არის ჩარეული ამ პროცესში და შესაბამისად, გარკვეული კონტროლის მექანიზმები საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ამ რეფორმის წარმატებულ განხორციელებაზე“,- აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.
კონკრეტულად, როგორ შემოწმდება ცენტრების მუშაობა, „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერ კიდევ, მიმდინარე წლის თებერვალში ისაუბრა bpn-თან, რა დროსაც აღნიშნა, რომ ცენტრები სისტემატური ვიდეო მონიტორინგის ქვეშ იქნებიან, გარდა ამისა, სპეციალური ჯგუფები, ტექინსპექტირების ცენტრების მიერ შემოწმებულ ავტომობილებს მეორედ გადაამოწმებენ, ხარვეზის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში კი, შესაბამის ჯარიმებს გამოწერენ.