აუზები გაძვირდა - სად რა ღირს მომსახურება

ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, შესაბამისად, აუზებზე მოთხოვნა იზრდება. პარალელურად კი, თბილისსა და მის შემოგარენში მომსახურება გაძვირდა.

მაგალითად, თუ გასულ წელს ერთი დღის ფასი, აუზის მოცულობის, კვირის დღეებისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით, 20 ლარიდან იწყებოდა, წელს, ანალოგიური პრინციპით, 30 ლარიდან იწყება.

კერძოდ, შარშანდელ სეზონზე, ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით აუზები საშუალოდ, 35-50 ლარი ღირდა, წელს 40-70 ლარია. უქმე დღეებში კი, ფასი 40 ლარიდან იწყება.

როგორც აუზების ადმინისტრაციებში bpn-თან საუბრისას აღნიშნავენ, მომსახურების გაძვირება წელს აუზის მოწესრიგებისა და მოვლისთვის საჭირო ყველა პროდუქტის ფასის მატებამ გამოიწვია. ამასთან, საცურაო კომპლექსებში განმარტავენ, რომ გაიზარდა მოთხოვნაც, რის გამო აუზს უფრო ხშირი წმენდა სჭირდება, რაც მათი თქმით, თავისთავად, გაზრდილ ხარჯს უდრის.

“ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ რამდენიმე აუზის ფასებს:

ჯინო - შარშან აკვაპარკი ორშაბათი-პარასკევი 69 ლარი ღირდა, ხოლო შაბათ-კვირა 79. წელს, სამუშაო დღეებში, მომსახურებით სარგებლობის ფასი 89 ლარს, ხოლო უქმეებზე - 99 ლარს შეადგენს.

აუზი ზედაზენი - გასულ წელს ფასი 35-ლარიან იწყებოდა, ხოლო წელს, სამუშაო დღეებში 40 ლარი, უქმეებზე კი 45 ლარია.

ოლიმპიური აუზი - საშუალოდ, ორშაბათი-პარასკევი - 30 ლარი, შაბათ-კვირა - 40 ლარი (თუმცა, აუზით მხოლოდ დღის გარკვეული მონაკვეთებში სარგებლობა განსხვავებული ფასია).

ემოცია (ნატახტარში) - ერთი დღის ფასი 50 ლარი.

კრწანისი რეზიდენციის კომპლექსი - ორშაბათი-პარასკევი 70 ლარი, ხოლო უქმეებზე 90 ლარი. თუმცა, აუზის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მოქმედებს კონკრეტული აქცია, რომლის საშუალებით, მოცემული ფასით ერთის ნაცვლად, ორი ადამიანი შეძლებს აუზით სარგებლობას. შესაბამისად, გამოდის, ერთი ადამიანს დაახლოებით 35-45 ლარის გადახდა უწევს.

ნინი ქეთელაური