150 ათასამდე ავტომობილს ტექინსპექტირება არ აქვს გავლილი. ამის შესახებ „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა პრესკლუბში „კვირა“ ისაუბრა.
მისი თქმით, ცენტრებში მიმართვიანობა, დაახლოებით, 10-15%-ით გაზრდილია, თუმცა ქვეყანაში ავტოპარკიც სულ უფრო იზრდება და ამ დროისთვის უკვე1.8 მლნ-ს მიაღწია.
„მომართვიანობა ზრდაშია. 2023 წელს 917 000 ავტომობილი იყო გატარებული, 2022-ში- 789 000, წლევანდელ წელსაც თუ ავიღებთ, საანგარიშო პერიოდს და წინა წლის იგივე პერიოდს, დაახლოებით, 10-15%-ანი მატება გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ავტოპარკიც იზრდება, სადღაც 1.8 მლნ-ს მიაღწია უკვე, მოსალოდნელიც იყო იყო, რომ გაიზრდებოდა. თუმცა ჩვენი დაკვირვებით, მაინც არის ქვეყანაში არსებული ავტოპარკის გარკვეული წილი, რომელიც არ გადის ტექინსპექტირებას. სადღაც, 100-150 ათასი ავტომობილი იქნება, ისეთი რომელიც არ გადის ტექინსპექტირებას.
რა თქმა უნდა, ტექნიკურ ცენტრებში მომართვიანობის გაზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის (ჭკვიანი კამერები), თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით არ არის ჭკვიანი კამერები განთავსებული და ადმინისტრირების ნაწილში, მაინც გარკვეული ხარვეზები არსებობს. აქედან გამომდინარე არის იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული მონაკვეთები გაიარონ ავტომფლობელებმა ისე, რომ ჯარიმის გამოწერის გარეშე შეძლონ გადაადგილება. ვფიქრობ, ეს საკითხიც არის მოსაგვარებელი, მაქსიმალურად უნდა იყოს ადმინისტრირება მიმართული იქით, რომ ქვეყანაში არსებული ავტოპარკის აბსოლუტური უმრავლესობა მოქცეული იყოს ტექინსპექტირების ქვეშ“,- განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა .