ქორწინების 958 სინჯიანი ოქროს ბეჭედი გაძვირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასი 20.92%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ქორწინების ბეჭედზე მაისში, აპრილთან შედარებით, ფასის 2.74%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა ოქროს ფასი მსოფლიო ბაზარზე. Gold Price-ს მონაცემების თანახმად, ოქრო ბოლო 30 დღის განმავლობაში 0.06%-ით, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20.97%-ით არის გაძვირებული.
ამ დროისთვის გლობალურ ბაზრებზე ძვირფასი ლითონის ფასი უნციაზე 2.349 დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, როგორც Reuters-ი წერს, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა უკავშირდება აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, რაც გამოწვეულია „მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ზრდის შენელების ნიშნებით“.