„ევოლუშენ ჯორჯია“, რომლის მენეჯერებსაც დასაქმებულების დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ, 2022 წელი 11.9 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, იმავე ფინანსურ წელს „ევოლუშენის“ შემოსავალი 19%-ით გაიზარდა, დასაქმებულების რაოდენობა კი 8 ათასამდე.
„ევოლუშენ ჯორჯია“ საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა.
კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის უშუალო მშობელი კომპანია იყო შპს Evolution Malta Holding Limited, მალტა (შემდეგში „მშობელი კომპანია”) და კომპანიას არ ჰყავს საბოლოო მაკონტროლებელი მხარე. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ლაივ კაზინო მომსახურებების B2B ლაივ სტრიმინგი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, 2022 წლის ანგარიშგების მიხედვით, (2023 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის) კომპანიის აქტივები შეადგენს 121.765 მლნ ლარს, კაპიტალი - 33.899 მლნ ლარს, მთლიანი ვალდებულებები კი 87.866 მლნ ლარია.
ამასთან, 2022 წელს კომპანიამ მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან 172.663 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა ფინანსურ წელთან შედარებით თითქმის 19%-ით მეტია. 2021 წელს ამ მუხლით კომპანიამ 145.314 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.
ამავე ანგარიშგების მიხედვით, „ევოლუშენ ჯორჯიამ“ 2022 წელი 11.961 მლნ ლარის მოგებით დახურა, წინა საანგარიშო წელს კი 13.416 მლნ ლარით.
ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის დასაწყისში „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების რაოდენობა იყო 8 პირი. წლის ბოლოს ამ რაოდენობამ 1 067-ს მიაღწია, 2019 წლის ბოლოს 2 870 თანამშრომელი იყო, 2020 წლის ბოლოს - 3 558, ხოლო 2021 წლის ბოლოს, 5 953 თანამშრომელი ჰყავდა, ხოლო 2022 წლის ბოლოს 7 163. ბოლო ინფორმაციით კი, რომელსაც თავად კომპანია ავრცელებს, „ევოლუშენ ჯორჯიაში“ ამ დროისთვის 8 000-მდე ადამიანი მუშაობს.
ცნობისათვის, გუშინ ონლაინ-მედია "მაუწყებლის" პლატფორმამ გავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია „ევოლუშენ ჯორჯიას“ კომპანიის მენეჯერების დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დასაქმებულებისადმი. მენეჯერების ჩატის მიმოწერები „მაუწყებელს“ ანონიმურად მიაწოდეს.
აღნიშნულს გამოეხმაურა „ევოლუშენ ჯორჯიაც“. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დაწყებულია შესაბამისი ქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მივიღოთ უმკაცრესი ზომები".
როგორც „მაუწყებელი“ წერს, კომპანიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, მშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სამართლიან, ღირსეულ სამუშაო გარემოსა და ანაზღაურებას.მშრომელთა გაერთიანება "ევო-კავშირი" კომპანიისგან ითხოვს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას. ეს მაშინ, როდესაც კომპანიის შემოსავალი კოლოსალურად იზრდება.მშრომელებსა და კომპანიას შორის მიმდინარე მედიაციის პროცესში "ევოლუშენ ჯორჯიამ" უარი განაცხადა დასაქმებულების მოთხოვნების გათვალისწინებაზე. მშრომელები ემზადებიან მასშტაბური გაფიცვისთვის. გაფიცვის შესახებ ინფორმაციას ისინი 5 ივლის გაავრცელებენ.