„საქპატენტში“ მატერიალური საარქივო მასალების გაციფრულების პროცესი დაიწყო

„საქპატენტში“ საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები უწყების მატერიალური დოკუმენტაციის სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავება დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „საქპატენტი“ ეროვნული არქივის სარეკომენდაციო სტანდარტით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვით არქივის ფორმირება ითვალისწინებს „საქპატენტის“ დაფუძნებიდან დღემდე არსებული დოკუმენტაციის ექსპერტიზას, აღწერათა შედგენასა და გასანადგურებლად გამოყოფილ დოკუმენტებზე მაკულატურის აქტის გაფორმებას.

„აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ დაიწყება მატერიალური მასალის გაციფრულება (დიგიტალიზაცია), რის შედეგადაც „საქპატენტში“ შესაძლებელი იქნება ელექტრონულ და მატერიალურ ფორმატში დოკუმენტების მარტივი და სწრაფი ხელმისაწვდომობა. ამდენად, ინფორმაციის დაცვის დივერსიფიკაცია, რომელიც სამომხმარებლო ინსტრუმენტების სპექტრის გაზრდის გზით განხორციელდება, უზრუნველყოფს სხვადასხვა ცვლილებით გამოწვეული რისკებისა და ერთი სახეობის პროდუქტზე დამოკიდებულების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ საარქივო მასალების გაციფრულების აუცილებლობა განპირობებულია მატერიალური დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში მიგრაციით, ასევე, დაჩქარებული ციფრული ტრანსფორმაციის პირობებისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნებით (დოკუმენტირებული ინფორმაციის მართვის ნაწილში).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქპატენტსა“ და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ეროვნული არქივი „საქპატენტს“ გაუწევს საარქივო მომსახურებას უწყების მატერიალური, თუ ელექტრონული არქივების შესაქმნელად. ჩატარებული სამუშაოების შედეგად სისტემაში იქნება მოყვანილი 1992-2017 წლებში ფორმირებული სხვადასხვა სივრცეში განთავსებული დოკუმენტი. ამასთან, საარქივო საქმეში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება უწყებისთვის ელექტრონულ დოკუმენტებთან მიღწევადობის გაუმჯობესებისა და მუდმივი შენახვის გარანტიაა.

არქივის მოწესრიგებასა და ფორმირებაში ჩაერთვებიან, ასევე, „საქპატენტის“ თანამშრომლებიც, რომლებმაც გაიარეს საარქივო საქმის თეორიული და პრაქტიკული სწავლება. არქივის ფორმირება საორიენტაციოდ 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.