„ბაზარი არის არაკონკურენტული, პატიოსანი მეწარმეები ვეღარ ყიდიან პროდუქტს და ფალსიფიკატორები ფულს შოულობენ“,- ამის შესახებ მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარე, კომპანია "შირაქის" დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე bpn-ს ესაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში შემოდის რძის ფხვნილი, რომლისგანაც მზადება ფალსიფიცირებული, არაეტიკეტირებული პროდუქცია, მისი დაბალი ფასი კი, ადგილობრივი, ნედლი რძის ფასზეც ახდენს გავლენას. მისი თქმით, ნატურალურ პროდუქტზე მოთხოვნა იკლებს, რაც მისი ღირებულების შემცირებას განაპირობებს.
როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, მერძევეობის წამახალისებელი პროგრამები კარგია, თუმცა აუცილებელია, რომ იმპორტირებულ პროდუქტთან მიმართებით, სამართლიანი, კონკურენტული გარემო შეიქმნას.
“იგივე ხდება მერძევეობაში, რაც მარცვლეულში. შემოდის რძის ფხვნილი, კაცმა არ იცის რა ხარისხის, ბაზარზე არის (ბაზრებში, სხვადასხვა ადგილებში), ფალსიფიცირებული, არაეტიკეტირებული, საფრთხის შემცველი პროდუქცია. მაგალითად, თუ შარშან ფერმერთან ადგილზე ვიხდიდით1,5 ლარს (1 ლიტრ რძეში), წელს 1 ლარზეა ჩამოსული ფასი, არ იყიდება პროდუქცია და ფერმები რამდენიმე დაიხურა უკვე.
მეორე საკითხი, ყველი იმდენად დაიაფდა, ამ ფალსიფიცირებული რძის ფხვნილისგან დამზადებულის გამო, რომ ნედლი რძის ყველი, რომლის თვითწარმოება მხოლოდ 30% გვაქვს და 70% იმპორტირებულია, ვერ გაუყიდია ფერმერს ნორმალურად.
მოთხოვნა არ არის, ფერმები რეკავენ, რომ შევიძინოთ რძე და ვერ ვყიდულობთ. ამ დღეშია ყველა. რატომ გახსნის ფერმას ადამიანი, თუ ვერ გაყიდა ეს რძე?! ყველაფერი გამომდინარეობს ფასიდან. ევროპაში ერთ სულ ძროხაზე არის სუბსიდია, 1 ჰექტარ მიწაზე არის სუბსიდია, დიზელი არის სუბსიდირებული. იქ იმხელა დახმარებებს იღებენ ფერმერები, რომ ჭარბ რძეს აშრობენ და ფხვნილის სახით შემოდის ჩვენნაირ ქვეყნებში.
კარგსაც ვიტყვი, სამინისტროსთან იყო შეხვედრა, მოადგილეებთან, სურსათთან, ჯგუფი შეიქმნა, ჩვენი მხრიდან იყვნენ წარმომადგენლები, ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით ჩვენ ხედვები გავაცანით, ახლა ფურცელზე გადატანით მივაწვდით სამინისტროს და აქტიურ ქმედებებს ველოდებით ბაზარზე. იმიტომ, რომ მომხმარებელი არის მოტყუებული, შეცდომაში შეყვანილი, ბიუჯეტში ფული არ შედის ამ ფალსიფიკატორებისგან. ბაზარი არის არაკონკურენტული, პატიოსანი მეწარმეები ვეღარ ყიდიან პროდუქტს და ფალსიფიკატორები ფულს შოულობენ. რესტორნებს, კვების ობიექტებს არ უნდათ ეს ნამდვილი ყველი, ურჩევნიათ სადღაც წავიდნენ და ფალსიფიცირებული, რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველი იყიდონ. ამ ყველაფერს უნდა სერიოზული მიხედვა, თუ გვინდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ იყოს ქვეყანაში“,- ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.
მისი თქმით, ქვეყანა იმპორტს ვერ შეზღუდავს, მაგრამ აუცილებელია, რომ იყოს თანასწორობის პრინციპი.
„ჩვენ რომ შევზღუდოთ მაგალითად, ხორბალი, რა უნდა ვჭამოთ?! 80-85% იმპორტირებულზე ვართ დამოკიდებული. აქ არის საუბარი, რომ გადავარჩინოთ საკუთარი ფერმერი, რომლის ფასიც არავისზე მოქმედებს ცუდად. ეს არის პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოება, რომ არ ვიყოთ სხვაზე დამოკიდებული. ჩვენ თუ ხორბლის წარმოებაში თვითუზრუნველყოფა 50%-მდე შეგვიძლია გავზარდოთ, 100%-ის რესურსი გვაქვს რძის პროდუქტებში. ამის გამოცდილება უკვე დაგროვდა ქვეყანაში. ძალიან კარგი პროექტია (მერძევეობის ხელშეწყობის პროგრამა), მაგრამ მარტო იაფი სესხი არ არის საქმე, რაც ბევრს აცდუნებს, იმის მერე იმდენი პრობლემა ჩნდება.
მაგრამ, ამ ყველაფერს ეშველება, თუ ბაზარი დაცული იქნება ფალსიფიკაციისგან და სამართლიანობა იქნება“,- ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.