„ყველა რეგიონი არის გარკვეული სტიქიური უბედურების რისკის ქვეშ“ - ნინო ჩხობაძე

„ყველა რეგიონი არის გარკვეული სტიქიური უბედურების რისკის ქვეშ“ - ასე ეხმაურება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გლობალური კლიმატის ცვლილებების საკითხს საქართველოში.

„მიუხედავად იმისა, რომ 10-წლიანი სტატისტიკით მაღალი ტემპერატურები ფიქსირდებოდა საქართველოში, ბოლო პერიოდში ექსტრემალური ტემპერატურის ხანგრძლივობა გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზია გლობალური კლიმატის ცვლილების ფონი. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ძალიან მაღალი ტენიანობა ფიქსირდება და ესეც გლობალური ცვლილების ერთ-ერთი ინდიკატორია. ხდება უფრო ინტენსიური აორთქლება და ეს იწვევს ჰაერის ნაკლებობას, განსაკუთრებით ქალაქში, სადაც განიავების პრობლემა და მშენებლობების ბუმია“ - განაცხადა მან.

როგორც ის აღნიშნავს, ყველასგან მოულოდნელად ბოლო დროს კახეთში დაფიქსირდა ქარბორბალაც, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო და თუ განზოგადოებულად, ამ რეგიონში ქარბორბალა თითქმის არ ყოფილა, ამჯერად ესეც კლიმატის ცვლილების ფონია და იმ ქარის ნაკადების, რომელიც დღეს ატმოსფეროში გვხვდება.

რაც შეეხება რეგიონებს, სად უფრო მეტი საფრთხე არსებობს ამ კუთხით, ნინო ჩხობაძის თქმით, არცერთის გამოყოფა არ შეიძლება, რადგან ეს მოვლენები მთელი საქართველოს ტერიტორიებზე ხდება.

„მაგალითად, კახეთი, რომელიც ამ მხრივ ყველაზე უსაფრთხოდ ითვლებოდა და არაფერი ისეთი არ ხდებოდა, ქარბორბალა დაფიქსირდა. აქამდე შავი ზღვის რეგიონებს უფრო ვაკვირდებოდით, მაგრამ ახლა უკვე ვერ გამოვარჩევ. ყველა რეგიონი არის გარკვეული სტიქიური უბედურების რისკის ქვეშ“- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ცნობისთვის, 2023 წელი მსოფლიოში ყველაზე ცხელი იყო - ეს ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მიერ, რომლებიც ასევე ამტკიცებენ, რომ ნაკლები სიცხე არც 2024-შია მოსალოდნელი და წლევანდელი ზაფხული კიდევ უფრო მცხუნვარე იქნება.

ეკა დარჩიაშვილი