აბასთუმანში ელექტრომობილების დამტენებზე ტენდერი გამოცხადდა - რა ჯდება პროექტი

აბასთუმანში, ელექტრომობილების დამტენების მოწყობაზე, ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3.104 მლნ ლარია.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, შესყიდვის ობიექტია ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში ელექტრომობილების დამტენების მიწოდება-მონტაჟი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის და გაშვება-გამართვის სამუშაოები და მომსახურება.

ტენდერის პირობების მიხედვით, მომსახურების განხორციელების საერთო ვადა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეა.

შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, წინადადებების მიღება 31 ივლისიდან დაიწყება და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ტურისტული განვითარების პროგრამა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის ზაფხულის სეზონზე აბასთუმანმა შიდა და საერთაშორისო დამსვენებლებს უნდა უმასპინძლოს. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ 2025 წლისთვის აბასთუმნის კურორტს შეემატება 12 ახალი სასტუმრო 1 200 ნომრით. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულის შედეგად 2000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ამასთან, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ bpn-ისთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, აბასთუმნის განვითარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტები 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 101 716 954 ლარია, საიდანაც 69 556 893 ლარი უკვე გადახდილია.

იხილეთ ასევე: აბასთუმნის განვითარება 101.7 მლნ ლარზე მეტი გვიჯდება - როდის დასრულდება პროექტები

ნინი ქეთელაური