ყავის მსოფლიო ფასი მეორე კვარტალში კიდევ 18-20%-ით გაიზარდა, რაც აზიაში ანომალიურმა სიცხეებმა განაპირობა.
ინფორმაციას Nikkei Asia ავრცელებს.
კერძოდ, აპრილ-ივნისში რობუსტას ჯიშის ყავის ფიუჩერსები, მარტთან შედარებით, 18,1%-ით გაიზარდა და ტონაზე რეკორდულ 4,394 დოლარს მიაღწია. ამასთან, არაბიკას ჯიშის ყავის მარცვალზე ფიუჩერსებმა 20,6%-ით მოიმატა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ, ვიეტნამში, ტაილანდსა და ფილიპინებზე აპრილიდან ტემპერატურა ნორმაზე მაღალია და 48 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ფერმერები ზედიზედ მეორე წელია, ცუდი მოსავლის რისკის წინაშე დგანან.
მაგალითად, ვიეტნამი, სადაც გვალვამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საშემოდგომო მოსავალზე, ხსნადი ყავის დასამზადებელი რობუსტას მარცვლის მსოფლიო მოცულობის, დაახლოებით, 40%-ს აწარმოებს.
სავაჭრო სახლ S.Ishimitsu & Co.-ს წარმომადგენელი, მასანობუ ტაკანო ამბობს, რომ „შარშანდელი რობუსტას მოსავალი ცუდი იყო, ამიტომ ფასები იმის შიშით იზრდება, რომ მოსავალი შესაძლოა, ზედიზედ მეორე წელია, ცუდი იყოს. ეს მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დისბალანსს გაზრდის და ფასების შემდგომ ზრდას გამოიწვევს.“
თუმცა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგნოზით, რაც ორი კვირის წინ გამოქვეყნდა, 2024/25 სასოფლო-სამეურნეო წელს ყავის წარმოება 7,1 მლნ ტომრით (60 კგ-ით) გაიზრდება და 176,2 მლნ ტომარას მიაღწევს. ეს, პირველ რიგში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში მოსავლის გაუმჯობესებით იქნება გამოწვეული. ამასთან, დეპარტამენტის პროგნოზით, გლობალური ყავის მოხმარება 3,1 მლნ ტომრით, 170,6 მლნ ტონამდე გაიზრდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ