ივნისში სარეიტინგო სააგენტო Quacquarelli Symonds-მა (QS) მსოფლიოს 2025 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების ახალი, 21-ე რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 105 ქვეყნის 1,500-ზე მეტ უნივერსიტეტს შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 791-ე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ თსუ-მ, შარშან გამოქვეყნებულ 2024 წლის რეიტინგთან შედარებით, ახლა სიაში ზევით 10 პოზიციით აიწია და 801-დან 791 ადგილამდე დაწინაურდა.
QS-ის რეიტინგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ისეთ მახასიათებლებს ითვალისწინებს, როგორიც არის რეპუტაცია სამეცნიერო საზოგადოებასა და დამსაქმებლებს შორის, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა, საერთაშორისო კავშირები, პროფესორებისა და სტუდენტების თანაფარდობა, სამეცნიერო პუბლიკაციების ციტირება, უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა, ასევე, კურსდამთავრებულთა კარიერული წარმატება.
ამ მხრივ თსუ-ს მაჩვენებლები ასეთია:
QS-ის მონაცემებით, სულ თსუ-ს სტუდენტების რაოდენობა 22,076-ს შეადგენს, საიდანაც 857 უცხოელი სტუდენტია. პროფესორ-მასწავლებელთა პერსონალი 3,094-ს შეადგენს, საიდანაც 99% შიდა, ხოლო 1% საერთაშორისო პერსონალია.
ცნობისთვის: შედარებით მაღალ, 571-ე პოზიციაზე თსუ 2022 წლის რეიტინგში იყო, რომელშიც წინა, 2021 წლის 601-ე ადგილიდან დაწინაურდა. თუმცა 2023 წელს ისევ 601-ე ადგილამდე, ხოლო 2024 წლის რეიტინგში 801-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
ევროპის უნივერსიტეტების 2024 წლის რეიტინგში დასავლეთ აზიის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თსუ მე-18, ხოლო მთლიანად, ევროპული უნივერსიტეტების რეიტნგში 390-ე ადგილზეა.
რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპა-ცენტრალურ აზიას, აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონის უნივერსიტეტების რეიტინგში ყველაზე მაღალი, 86-ე პოზიცია თსუ-მ 2020 წელს დააფიქსირა, რომელზეც წინა 2019 წლის 109-ე ადგილიდან დაწინაურდა. თუმცა 2021 წელს 108-ე, 2022 წელს კი 118-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ბოლო წლების შედეგებს QS არ ავრცელებს.
რაც შეეხება მეზობლებს, საქართველო სამხრეთ კავკასიაში ლიდერია და თურქეთსაც უსწრებს. თუმცა 300 პოზიციაზე მეტად ჩამორჩება რუსეთის ყველაზე დაბალრეიტინგიან სასწავლებელს. კერძოდ, საქართველოს 10 პოზიციით ჩამორჩება და 801-ე ადგილზეა ანკარის უნივერსიტეტი, ხოლო ერევნისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტები, შესაბამისად, 901-ე და 951-ე ადგილებზე არიან.
რუსეთიდან სიაში სულ 47 უნივერსიტეტი შევიდა, რაც შარშანდელზე ერთი სასწავლებლით ნაკლებია. აქედან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა პოზიციას თანდათან კარგავს: კერძოდ, თუ 2023 წელს უნივერსიტეტი 75-ე ადგილზე იყო, 2024 წელს 87-ე, ხოლო 2025 წლის რეიტინგში 94-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. რუსული უმაღლეს სასწავლებლებიდან სიაში ყველაზე დაბალ, 497-ე ადგილზე ეროვნული კვლევითი ბირთვული უნივერსიტეტია.
რაც შეეხება მსოფლიო ლიდერებს, რეიტინგში პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც 13 წლის განმავლობაში ლიდერობს. სიაში ყველაზე მეტი (196) ამერიკული უნივერსიტეტი, შემდეგ კი ბრიტანული (90) და ჩინური (71) უმაღლესი სასწავლებლები არიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ