რა ქონებით დატოვა რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულმა პრემიერ-მინისტრმა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, რიში სუნაკმა დაუნინგ-სტრიტ N10 მეუღლესთან, აკშატა მურთისთან და ქალიშვილებთან ერთად დატოვა.

თუმცა ბრიტანული გამოცემა, Mirror წერს, რომ “ყოფილ პრემიერ-მინისტრს უზარმაზარი ქონება აქვს, რის გამოც შეუძლია, იმედიანად იყოს.”

Sunday Times-ის მდიდარი ადამიანების სიის თანახმად, წყვილის საერთო სიმდიდრე 529 მლნ ფუნტს შეადგენს, რაც სუნაკის გაპრემიერების 2022 წლის ოდენობიდან, ანუ 730 მლნ ფუნტიდან შემცირდა.

რიშის მეუღლე, აკშატა მურთი, რომელიც მოდის დიზაინერია, ტექნოლოგიური მაგნატის, მილიარდერ ნარაიანა მურთის ქალიშვილია. ის IT-კომპანია Infosys-ის თანადამფუძნებელი და ინდოეთის მეექვსე უმდიდრესი ადამიანია. წყვილს, რომელიც 2009 წელს დაქორწინდა, ორი ქალიშვილი, კრიშნა და ანუშკა ჰყავთ, რომლებიც უძრავი ქონების ოთხ შთამბეჭდავ ობიექტს ფლობენ. აქედან ორი ლონდონში, ერთი იორკშირში, მეორე კი კალიფორნიაშია, ხოლო მათი მთლიანი ღირებულება 15 მლნ ფუნტზე მეტს შეადგენს.

ოჯახი დროის უმეტეს ნაწილს კენსინგტონში, დასავლეთ ლონდონში, ხუთოთახიან სახლში ატარებს, რომელიც, უძრავი ქონების აგენტების შეფასებით, 7 მლნ ფუნტზე მეტი ღირს. შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ოთხსულიანი ოჯახი ქალაქგარეთ, ჩრდილოეთ იორკშირში მიემგზავრება, სადაც სოფელ კირბი-სიგსტონში თავის აგარაკზე ისვენებს. აგარაკი წყვილმა 2015 წელს, რიშის დეპუტატად არჩევამდე იყიდა, სადაც 12 ჰექტარ მიწის ფართობზე დასასვენებელი სახლი საცურაო აუზით, სპორტული დარბაზით, იოგას სტუდიითა და ჩოგბურთის კორტით არის განლაგებული. ამჟამად ის 2 მლნ ფუნტზე მეტად არის შეფასებული.

ამ ორ სახლთან ერთად წყვილი, ასევე, ფლობს ბინას დასავლეთ ლონდონში, ოლდ ბრომპტონ-როუდზე, რომლითაც სტუმრად მყოფი ნათესავები სარგებლობენ. ამასთან, კალიფორნიის ქალაქ სანტა-მონიკაში სუნაკებს საკუთარი იდილიური პენტჰაუსი აქვთ, რომელიც 5,5 მლნ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. ეს რაიონი აშშ-ში ცნობილი ადამიანების საყვარელი ადგილია.

რაც შეეხება ავტომობილებს, სუნაკს Volkswagen Golf-ის გარდა, კიდევ სამი ავტომობილი ჰყავს. ეს არის Range Rover მაღალი მახასიათებლებით, რომლის ღირებულებაც 94,000 ფუნტიდან იწყება და უმაღლესი კლასის Lexus და BMW კალიფორნიაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ