1-ლი ივლისიდან მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ შევიდა.
რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ ფინანსურ ორგანიზაციებთან - ამის შესახებ სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„უკანასკნელი ყველაზე მხსვილი ცვლილება, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, ევროდირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მომხმარებლებისთვის ამ უფლების მინიჭება, მათ შორის საფინანსო სექტორში. 1-ლი ივლისიდან დაზუსტდა და გაიწერა, რა ტიპის ხელშეკრულებებზე შეუძლია მომხმარებელს უარის თქმა.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ხელშეკრულება, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ამისთვის საჭიროა სპეციალური შეტყობინება გაუგზავნოს ფინანსურ დაწესებულებას. ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის ვადაში მომხმარებელი აგზავნის შეტყობინებას და 30 დღე აქვს მომხარებელს /ფინანსურ ორგანიზაციას, რომ თანხები, რომლებიც აიღეს მომსახურებისთვის, უკან დააბრუნონ.
აქ მომხმარებლისთვის შესაძლოა, გარკვეული ხარჯიც დაეკისროს: მაგალითად, თუ მომხმარებელი გააუქმებს ხელშეკრულებას, 30 დღის განმავლობაში მან უნდა მოიტანოს ნასესხები თანხა და ხელშეკრულების გაფორმებიდან თანხის დაბრუნებამდე პროცენტი. მას არ მოუწევს გაცემის საკომისიოს გადახდა,“ - განაცხადა გზირიშვილმა.
მან ასევე დააკონკრეტა, რომ აღნიშნული ცვლილება შეეხება ისეთ სესხებს, რომლის აღების გადაწყვეტილებასაც ადამიანი შედარებით სწრაფად იღებს, ანუ სალომბარდე, ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებზე და იშვიათ შემთხვევაში, იპოთეკურ სესხებზე.
კითხვაზე, შეამცირებს თუ არა საჩივრებს აღნიშნული ცვლილებები, გზირიშვილმა უპასუხა, რომ ზოგადად საჩივრების რაოდენობის ზრდა ტენდენციურია და ეს არ ნიშნავს, რომ ფინანსური დაწესებულებები რამეს არასორად აკეთებენ.
„ფინანსური ინსტიტუციების მიმართ პრეტენზიების ზრდა ნიშნავს, რომ ცნობიერება გაიზარდა და ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვა ისწავლეს. ამიტომ შესაძლოა, პრეტენზიების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს. ამასთან, საჩივრების 20%, მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მათ დაწერას აზრი არ აქვს,“ - აცხადებს ლაშა გზირიშვილი.