გერმანიის 16 ფედერალური მიწიდან 9 რეგიონის ხელისუფლება ქვეყნის მთავრობისგან ყველა შაქარდამატებულ გამაგრილებელ სასმელზე, როგორიც, მაგალითად, Coca Cola-ა, გადასახადის დაწესებას ითხოვს. მიზეზი ასეთ სასმელებში შაქრის შემცველობის მეტად მაღალი კონცენტრაციაა. ერთი ქილა გამაგრილებელი სასმელი, საშუალოდ, 35 გრამ, ანუ 7-9 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს.
შაქრიანი სასმელები, ჰიპერაქტიურობიდან თავის ტკივილამდე და ჭარბ წონამდე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას, განსაკუთრებით, ბავშვებში იწვევს.
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ასეთ სასმელებზე გადასახადის დაწესება მომდევნო 20 წლის განმავლობაში მე-2 ტიპის დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებებსა და სიმსუქნის შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
რამდენიმე წლის წინ, გერმანიის ხელისფლებამ მწარმოებლებს გაზიან სასმელებში შაქრის შემცველობის ნებაყოფლობითი შემცირებისკენ მოუწოდა. თუმცა ამ მოწოდების შემდეგ გამაგრილებელ სასმელებში შაქრიანობა მხოლოდ 2%-ით შემცირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შაქრიან სასმელებზე, მინიმუმ, 20%-იანი გადასახადის დაწესების რეკომენდაციას იძლევა.
ცნობისთვის: 2018 წლიდან ევროკავშირის ქვეყნების ყველა სკოლაში გაზიანი გამაგრილებელი სასმელების გაყიდვა აკრძალულია, ხოლო პორტუგალიაში შაქრიან სასმელებზე გადასახადი უკვე მოქმედებს. ამის შედეგად პორტუგალიელები შაქარს ნაკლებად მოიხმარენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ