ხელოვნურ თმა ბანანისგან - ახალი სტარტაპი, რომელიც მსოფლიოს იპყრობს

სააგენტოსთან USAID-თან მუშაობისას, ადგილობრივ ფერმაში ვიზიტის დროს, უგანდელი მეწარმე ჯულიეტ ტუმუსიი მიხვდა, რომ ბანანის კულტივაციისას ბანანის ღეროების უზარმაზარი რაოდენობა უბრალოდ იყრება. ის ეძებდა გზას, რომ ნარჩენები გადაემუშავებინა ან გამოეყენებინა.

42 წლის ტუმუსიმ გამოსავალი თითქმის ათი წლის შემდეგ იპოვა - დღეს ის სტარტაპ Cheveux Organique-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელია, რომელიც ბანანის ბოჭკოებისგან დამზადებულ სინთეტიკურ თმას აწარმოებს.

მოდის ტენდენციებმა და მზარდმა მსყიდველუნარიანობამ გააძლიერა თმის დაგრძელებისა და პარიკების ბაზარი აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. კვლევის მიხედვით, 2028 წლისთვის ბაზრის ღირებულება 710 მილიონი დოლარი იქნება.

როგორც წესი პარიკები, მზადდება ადამიანის თმისგან, ან სინთეზური მასალებისგან, როგორიცაა: ნეილონი, პოლიესტერი, აკრილი და PVC. სინთეტიკა პოპულარულია უგანდაში, რადგან ის გაცილებით იაფია, მაგრამ არ არის ბიოდეგრადირებადი. ზოგიერთი ადამიანი ჩივის, რომ სინთეზურმა თმამ შეიძლება გააღიზიანოს მათი სკალპი. ხოლო, ნიგერიაში სინთეტიკური თმის შესწავლამ დაადგინა პოტენციურად მავნე მძიმე მეტალების და ქიმიკატების არსებობა.

“ჩვენი მისიაა სილამაზის ინდუსტრიის გარდაქმნა ალტერნატივების მიწოდებით, რომლებიც სარგებელს მოუტანს მათ ჯანმრთელობას და გარემოს. ჩვენ გვინდა მივცეთ ქალებს უფლება, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რა თმას იყენებენ და რა არის მათთვის საუკეთესო“, - აცხადებს სტარტაპის თანადამფუძნებელი.

მისი თქმით, სინთეზური თმისგან განსხვავებით, მათი პროდუქტი ბიოდეგრადირებადია, გამძლეა და ადვილად შეიძლება მისი სტილისტურად დამუშავება, შეღებვა. პარიკი ასევე შეიძლება ჩამოიბანოთ თბილი წყლით. ჰიპოალერგიული თმა უძლებს გაცხელებას 400 გრადუსამდე, რაც სინთეზურ ალტერნატივებზე მეტია.

იმის გამო, რომ იგი მზადდება გადაგდებული ბანანის ღეროებისგან, ეს ასევე არის ამ ნარჩენების შეკავების საშუალება.

უგანდა არის აფრიკის ბანანის უდიდესი მწარმოებელი და მომხმარებელი, ქვეყანა დღეში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ბანანს აწარმოებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, უგანდელები მოიხმარენ თითქმის ერთ კილოგრამ ხილს თითო ადამიანზე, დღეში, მოსახლეობის 75% -ზე მეტი ეყრდნობა ბანანს, როგორც ძირითად საკვებს.

Cheveux Organique მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ბანანის ფერმერებთან, ყიდულობს ღეროებს, რომლებიც სხვა დროს გადაგდებული იქნებოდა. ღეროებს ყოფენ და ბოჭკოებს მანქანით იღებენ. ამოღებული ბოჭკოებს აშრობენ და ამუშავებენ მანამ, სანამ არ დაივარცხნება.

"თმა" შეღებილია სამ ფერად: Cheveux Black, Cheveux Brown და Cheveux Blonde. როგორც თუმუსი ამბობს, თმას აქვს ბუნებრივი ბზინვარება.

მათ მიერ წარმოებული 150 გრამი თმის ფასი 50 დოლარს შეადგენს. რაც, მათი თქმით უფრო იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი თმა, რომლის ფასი 150 გრამზე 185 დოლარია.

თუმცა აღსანიშნავია, რომ სინთეზური თმის ერთი შეკვრის ყიდვა 1 დოლარად არის შესაძლებელი.

სტარტაპში, ამჟამად დასაქმებულია 25 მუდმივი თანამშრომელი და 100 ნახევარ განაკვეთზე მომუშავე.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი