მიმდინარე სეზონზე გაყიდვების დინამიკა მზარდი იქნება – „ახალციხე ინნ“

„ახალციხე ინნ“-ში სასტუმროს დატვირთულობა და მოთხოვნა გაზრდილია, - ამის შესახებ bpn-თან „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციულმა დირექტორმა, ნინა გაჩეჩილაძემ განაცხადა.

სასტუმრო ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა. გაჩეჩილაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ობიექტი ახალი გახსნილია, მიზნობრივ ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად დრო სჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმრომ სულ რამდენიმე დღეა, რაც მესხეთის კულტურულ და ისტორიულ ადგილებში ტურები დაამატა.

„მოგეხსენებათ ამ პერიოდში, ზოგადად მოთხოვნა საქართველოს სასტუმროებზე მატულობს, რაც შეეხება „ახალციხე ინნ“-ს, რა თქმა უნდა, წინა პერიოდთან შედარებით მოთხოვნა და დატვირთულობაც უფრო მაღალია, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროდუქტი მაინც ახალია და მიზნობრივ ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად წინ ჯერ კიდევ გზაა“, - აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.

„ახალციხე ინნ“-ში დამსვენებლების უმეტესობა უცხოელი ტურისტია. გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ტურების საშუალებით ისტორიული მესხეთის ცნობადობა გაიზრდება.

„გვაქვს მოლოდინი რომ, მიმდინარე სეზონზე გაყიდვების დინამიკა იქნება მზარდი, რაც შეეხება სტუმრებს, უფრო მეტი დაინტერესება სხვა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაა და სწორედ ამიტომ დავამატეთ ჩვენს მომსახურებებს ტურისტული მარშრუტები, რაზეც ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მესხეთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.

მერი ტაბატაძე