„ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნაკისრი თანხები რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება“,- ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა და რონდელის ცენტრის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ის bpn-თან საუბრისას აღნიშნავს, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციები უკვე მოქმედებს, რადგან მათი ყველა პროექტის დაფინანსება უკვე შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გუშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეთანხმებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია.
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, თავად ქართველებზეა დამოკიდებული.
ამასთან, ელჩმა მოსალოდნელ სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ სიტუაციას და ერთ-ერთი შესაძლო ზომა არის სანქციები, თუმცა ამ მომენტისთვის ერთსულოვნება არ არსებობს.
“შეიძლება ითქვას, რომ სანქციები უკვე მოქმედებს. ევროკავშირის პროგრამების გადახედვა მიმდინარეობს და იმ დახმარებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვიღებდით ევროკავშირისგან, უკვე შეჩერებულია, უკვე ფერხდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება (იმ პროექტებზე, რომელიც ჩაშვებული იყო, უკვე აღარ იღებენ დაფინანსებას). აქ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნაკისრი თანხები რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება, ეს უკვე არის ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას და ა.შ მე ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე ალბათ, შეეცდებიან თავი შეიკავონ ისეთი სანქციებისგან, რომელიც დააზიანებს საქართველოს მოსახლეობას, პირველ რიგში. ასევე უნდათ, მაინც დაიტოვონ მოლაპარაკებების რაღაც შესაძლებლობა და პირადი სანქციებისგან თავს იკავებენ. იმიტომ, რომ როგორც კი დაეკისრებათ პირადი სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ უკვე აღარ ექნებათ არანაირი იმედი იმისა, რომ რაღაც დიალოგის წარმოება შეიძლება. როგორ უნდა აწარმოო პარლამენტის თავმჯდომარესთან დიალოგი, თუ ის დასანქცირებული გყავს, გადარიცხვების შესაძლებლობას არ აძლევ, უყინავ ყველანაირ ქონებას, თუ რამე აქვს ევროპის ტერიტორიაზე, არ აძლევ მოგზაურობის საშუალებას და ა.შ.
მე ვფიქრობ, არჩევნებამდე თავს იკავებენ ასეთი ზომებისგან. უბრალოდ, როგორც ჩანს, ახლა უკვე ღიად გადაწყვიტეს, ისაუბრონ, რომ ამ ხელისუფლების გაგრძელებას არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს ევროკავშირისგან. პოლიტიკური კავშირებიც ნულზე დაიყვანეს, არ მიმდინარეობს პოლიტიკური დიალოგი, ყველა შეხვედრა, რაც ადრე იყო დაგეგმილი, გადაიდო გაურკვეველი ვადით. ეს უკვე აჩვენებს იმას, რომ ეს ხელისუფლება ევროკავშირისთვის აღარ არის მისაღები“,- ამბობს კახა გოგოლაშვილი.