მსოფლიოში ხორბლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მარცვლეულის საერთაშორისო საბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ივნისის მდგომარეობით მარცვლეულის საერთაშორისო საბჭომ გამოაქვეყნა მსოფლიო ხორბლის მოსავლის პროგნოზი 2024/2025 სასოფლო-სამეურნეო წელს (2024 წლის ივლისი - 2025 წლის ივნისი), რომელიც შემცირებულია 793,1 მლნ ტონამდე (-1,4 მლნ).
კერძოდ:
რუსეთის ფედერაცია - ხორბლის მოსავლის პროგნოზი ასევე შემცირდა - 81,8 მილიონი ტონა მაისის 85,5 მილიონის წინააღმდეგ. ხორბლის ექსპორტის შეფასებები 46,6 მილიონიდან 43,3 მილიონ ტონამდე დაეცა.
ევროპა - წინასწარი შეფასებით, 2024/2025 წლების სასოფლო-სამეურნეო სეზონში ევროკავშირში 129,3 მილიონი ტონა ხორბალი მოვა. ევროკავშირი, მათ შორის 33,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტს განახორციელებს, (+1 მლნ).
ყაზახეთი - ხორბლის მოსავლის პროგნოზი უცვლელი დარჩა - 13 მლნ ტონა. ხორბლის ექსპორტი 9,1 მლნ ტონას (+100 ათასი) შეადგენს.
უკრაინა - შემცირდა ხორბლის მოსავალი 23,4 მლნ ტონამდე (23,7 მლნ). უკრაინა 13 მილიონი ტონა ხორბალის ექსპორტს განახორციელებს.
ივნისის დასაწყისში გამოქვეყნებული აღნიშნული პროგნოზები აგრეთვე მაისის დასაწყისში გამოქვეყნებულ მსოფლიო ბაზრის მოსალოდნელი ტენდენციების ნეგატიურ პროგნოზებთან ერთად ჯერ კიდევ ახლო მომავალში ინერციით ხელს უწყობდა ფასების აღმავალ ტრენდს, მათ შორის, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყო რუსეთში მაისის ყინვების შედეგად ხორბლის მოსალოდნელი მოსავლის საკმაოდ მაღალი პროცენტის განადგურება. თუმცა, როგორც ასოციაციაში ამბობენ, ივნისში მოსავლის აქტიურად აღების პროცესმა, ასევე რუსეთის მხრიდან მსოფლიო ბაზრისთვის ძველი მარაგების შეთავაზებამ, ბაზარზე ფასებზე წნეხი გამოიწვია. ამასთან, 5 ივნისიდან რუსეთში ხორბალზე მცურავი საექსპორტო ბაჟის მეთოდიკის ცვლილებამ რუსეთიდან ხორბლის მცურავი ბაჟის 30%-ით შემცირება გამოიწვია, მოხდა რუსული რუბლის გაუფასურება, რამაც დოლარში ფასების შემცირება გამოიწვია.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად დღევანდელ სიტუაციაში ჯერ კიდევ მაისში არსებული აღმავალი ტრენდი შეცვლილია ფასების დაღმავალი ტრენდით. წინასწარი მონაცემებით და ანალიტიკოსების აზრით, არსებული დაღმავალი ტრენდის ერთ-ერთი ფუნდამენტალური ფაქტორი, მოსავლის აღება-დაბინავება რუსეთის სამხრეთ (საექსპორტო) რეგიონებში იმოქმედებს სავარაუდოდ, სექტემბრის თვემდე და შემდეგ დასტაბილურდება. თუმცა შემდგომში ფასების ტენდენცია დამოკიდებული იქნება ძირითად ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნების მიერ ქვეყნებში მოსავალის რაოდენობაზე, საექსპორტოდ გამოცხადებულ მონაცემებზე, აგრეთვე მათ შორის რუსეთში, ხორბლის სექსპორტო ბაჟის და დოლარის გაცვლით კურსის და სხვა მონაცემებზე“, - აცხადებენ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.