ბარათზე, რომელიც მიბმული გაქვთ საიტებზე ნივთების შესაძენად, განათავსეთ მცირე თანხა - ასოციაცია

ბარათზე, რომელიც მიბმული გაქვთ საიტებზე ნივთების შესაძენად, განათავსეთ შეზღუდული თანხა, - ამის შესახებ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორმა, ინგა ქარჩავამ განაცხადა.

ქარჩავას თქმით, ფინანსური უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია, რომ ქართულ თუ საერთაშორისო საიტებზე მიბმულ საბანკო ბარათებსა და ანგარიშებზე მომხმარებლებმა მხოლოდ ის თანხა დარიცხონ, რაც ნივთის შესაძენად ან მომსახურების მისაღებად სჭირდებათ. მანვე აღნიშნა, რომ სხვა თანხები უნდა განთავსდეს ანგარიშებზე, რომელიც საიტებზე მიბმული არ არის.

„იმ ანგარიშებზე, სადაც გვაქვს მიბმული ბარათი, რომლითაც ვსარგებლობთ აქტიურად ინტერნეტ საიტებზე, ქართულ თუ საერთაშორისო საიტებზე, გვახსოვდეს, რომ განვათავსოთ შეზღუდული ოდენობის თანხა, ანუ ის თანხა, რომელიც გვჭირდება ნივთის შესაძენად ან ყოველდღიური ხარჯების გასაწევად. გვქონდეს მხოლოდ განსაზღვრული თანხა, დანარჩენი კი განვათავსოთ ისეთ ანგარიშზე, რომელიც არ გვაქვს მიბმული არსად“, - განაცხადა ინგა ქარჩავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

მერი ტაბატაძე