როგორ გაიზარდა 12 რუსი ოლიგარქის ქონება, რომელთა ნაწილი სანქცირებულია - businessinsider

2023 - 2024 წლებში მინიმუმ 12-მა რუსმა ბიზნესმენმა მიიღო 1 ტრილიონ რუბლზე მეტი, ანუ 11,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დივიდენდები. ამის შესახებ Bloomberg-ის მონაცემებზე დაყრდნობით businessinsider წერს.

უმეტესობა, რომლებმაც დამატებითი მილიონები გამოიმუშავეს, მჭიდროდ არიან დაკავშირებული რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანი სანქცირებულია დასავლეთის მიერ.

ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს ოლიგარქებმა, რომლებიც დაკავშირებულები არიან საქონლის ექსპორტთან. მათ ისარგებლეს რუსეთის აღმოსავლეთით ვაჭრობის გაფართოებით ჩინეთთან, ინდოეთთან და სამხრეთის სხვა ქვეყნებთან.

ყველაზე მეტი გამოიმუშავა ნავთობის გიგანტის Lukoil-ის მთავარმა აქციონერმა ვაგიტ ალეკპეროვმა. Bloomberg-ის მიხედვით თანხა 186 მილიარდი რუბლს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რუსეთ- უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მას სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ.

ფოლადის კომპანიის Severstal-ის თავმჯდომარემ და მთავარმა აქციონერმა ალექსეი მორდაშოვმა, დივიდენდების სახით 148 მილიარდი რუბლი მიიღო. მას სანქციები დაუწესეს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა.

“ნოვოლიპეცკის ფოლადის“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ლისინმა 121 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა.

მიუხედავად დასავლეთის მხრიდან, რუსეთის ეკონომიკის იზოლაციისა, რუსული უმსხვილესი კომპანიების შემოსავალი ამ წლის პირველ კვარტალში, წინანდელთან შედარებით 5,4%-ით გაიზარდა.

წყარო: businessinsider.com

თეონა რამაზაშვილი