დღეს სახელმწიფო სათათბირომ მესამე და საბოლოო მოსმენით ერთხმად დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მომავალი წლიდან რუსეთის მოქალაქეებსა და ბიზნესს გადასახადები 2000 წლის შემდეგ ყველაზე მეტად ეზრდებათ.
ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
გამოცემის შეფასებით, ამით პუტინს სურს, მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტი 17 ტრლნ რუბლით (194,3 მლრდ დოლარით) შეავსოს.
კერძოდ, მოქალაქეებს, რომლებიც წელიწადში 50 მლნ რუბლზე (571 ათას დოლარზე) მეტს გამოიმუშავებენ, საშემოსავლო გადასახადის ზღვრული განაკვეთი 22%-მდე გაეზარდათ. მათ, ვისაც წელიწადში 2,4-დან 5 მლნ რუბლამდე (27-დან 57 ათას დოლარამდე), ანუ თვეში 200 ათასი რუბლიდან (2,300 დოლარიდან) შემოსავალი აქვს, საშემოსავლო გადასახადი 15% -მდე გაეზარდა. ასევე, წელიწადში 5 მლნ რუბლიდან (57 ათას დოლარიდან) შემოსავალზე 18%-იანი, ხოლო 20 მლნ რუბლიდან (228,5 ათას დოლარიდან) შემოსავალზე 20%-იანი განაკვეთი იმოქმედებს.
კანონის განმარტებით ბარათში წერია, რომ ცვლილებები შეეხება ყველას, უკრაინის ომში მონაწილეთა გარდა, რასაც კრემლი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.
შედეგად, 2025 წლისთვის საბიუჯეტო სისტემა მხოლოდ ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადიდან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, დამატებით 533 მლრდ რუბლს (6,1 მლრდ დოლარს), ხოლო 2030 წლისთვის 3,1 ტრლნ რუბლს (35,4 მლრდ დოლარს) მიიღებს.
ამასთან, ბიზნესი მომდევნო 6 წლის განმავლობაში ხაზინას დამატებით 11,1 ტრლნ რუბლს (126,7 მლრდ დოლარს) გადაუხდის. კერძოდ, 2025 წლიდან რუსეთში მოგების გადასახადი 20%-დან 25%-მდე იზრდება. ამასთან, იზრდება გადასახადები მცირე მეწარმეებისთვის: კომპანიებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 60 მლნ რუბლია (686 ათასი დოლარია), დღგ-ს გადახდა დაეკისებათ, ხოლო გამარტივებული საგადასახადო სისტემის თამასა 265-დან 400 მლნ რუბლამდე (3-დან 4,5 მლნ დოლარამდე) აიწევს. ეს ხაზინას 2030 წლისთვის კიდევ 2,6 ტრლნ რუბლს (29,7 მლრდ დოლარს) დაუმატებს.
The Moscow Times წერს, რომ, თითქმის, მთელი დამატებითი თანხა ფედერალურ ბიუჯეტში შევა, რომ უკრაინასთან ომის მზარდი ხარჯი დაფაროს, რაც სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან მესამე წლის ბოლოს, თითქმის, 20 ტრლნ რუბლს (228,5 მლრდ დოლარს) მიაღწევს.
Bloomberg Economics-ის მთავარი ეკონომისტი რუსეთის საკითხებში, ალექსანდრ ისაკოვი განმარტავს, რომ “გადასახადების გაზრდა პუტინს უკრაინაში თავისი ომის დაფინანსებაში დაეხმარება.” ექსპერტის მონაცემებით, წელს ფედერალური ბიუჯეტი თავდაცვაზე რეკორდულ, 10,8 ტრლნ რუბლს (123,4 მლრდ დოლარს) დახარჯავს, ხოლო სამხედრო ხარჯის წილი ხაზინაში, თითქმის, 30%-ს მიაღწევს, რაც საბჭოთა პერიოდის შემდეგ უპრეცედენტო ოდენობაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ