Xiaomi-ის სმარტფონების ახალ ქარხანაში მხოლოდ რობოტები მუშაობენ

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ სმარტფონების წარმოების ქარხანა გახსნა, რომელშიც მთლიანად რობოტები მუშაობენ.

ინფორმაციას TradeMaster.UA ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ე.წ ბნელი ქარხანაა, რომელსაც 24 საათის განმავლობაში ადამიანების გარეშე მუშაობა შეუძლია. ამასთან, ქარხნის მანქანები ერთმანეთთან კომუნიცირებენ, ხოლო სისუფთავეს მიკრონულ დონეზე მტვრის მოცილებით ქარხანა დამოუკიდებლად ინარჩუნებს.

პროდუქციის ხარისხს Xiaomi-ის მიერ დამოუკიდებლად შემუშავებული ინტელექტუალური მანქანები აკონტროლებენ. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ქარხანა წამში ერთი სმარტფონის წარმოებას შეძლებს.

ახალი საწარმოს განვითარებაში Xiaomi-მ 330 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო.

ქარხანა პეკინის რაიონ ჩანპინში, 81,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარეობს. ის სერტიფიცირებულია, როგორც “ეროვნული ეტალონის ინტელექტუალური საწარმო,” რომლის წლიური საწარმოო სიმძლავრეც 10 მლნ ფლაგმანური სმარტფონია.

ქარხანა მომავალ დასაკეც მობილურ ტელეფონებს, Xiaomi MIX Fold 4-სა და Xiaomi MIX Flip-ს გამოუშვებს. ის მობილური ტელეფონების 11 საწარმოო ხაზითა და საავტომობილო ელექტრონაწილების წარმოების ხაზით არის აღჭურვილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ