„სახელმწიფო აგრეთვე განიხილავს Starlink-ის ინტერნეტის შეძენას ყველაზე რთულად მიწვდომადი და ინტერნეტ-ინფრასტრუქტურისთვის რთული ლანდშაფტის მქონე დასახლებებისთვის“,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ. საუბარია „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლის სტრატეგიაზე“, სადაც სოფლებში არსებულ გამოწვევებზეა საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, მობილური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი მაღალმთიანი დასახლებების დაფარვას, სადაც დღემდე მობილური კავშირგაბმულობის მხრივ გამოწვევებია.
„სახელმწიფო სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის მხარდაჭერით და სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის საშუალებით, გააგრძელებს ფართოზოლოვანი ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართულ ძალისხმევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დასახლებები, რომლებშიც მაღალია ტურისტული ნაკადები და ტურიზმის შემდგომი განვითარების პოტენციალი, რასაც საფრთხეს უქმნის სტაბილური ინტერნეტის არქონა. სახელმწიფო აგრეთვე განიხილავს Starlink-ის ინტერნეტის შეძენას ყველაზე რთულად მიწვდომადი და ინტერნეტ-ინფრასტრუქტურისთვის რთული ლანდშაფტის მქონე დასახლებებისთვის“,- ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის სერვისი Starlink-ი საქართველოში გასული წლის ნოემბრიდანაა ხელმისაწვდომი.