2-წლიანი შეჩერების შემდეგ, საქართველო-ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 2-წლიანი შეჩერების შემდეგ, საქართველო-ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგება.

რკინიგზის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ქვეყანამ ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მიმოსვლის აღდგენისთვის ხელშეკრულება გააფორმეს.

„საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის გავლით, ტვირთების გადაზიდვების ლოგისტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი საშუალებით საქართველო და ბულგარეთი, უწყვეტად განახორციელებს ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებას, სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით. აღნიშნული მიმოსვლა ერთი მხრივ, დამატებითი ტვირთნაკადების შემოდინებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რკინიგზის განცხადებით, საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა, უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდ მოთხოვნას უზრუნველყოფს.

მერი ტაბატაძე