იტალიის ლიცეუმებისა და პროფესიული სასწავლებლების ყოველი მესამე სტუდენტი შიშობს, რომ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება მომავალ დასაქმებას გაართულებს, ხოლო ათიდან მხოლოდ ერთ სტუდენტს სჯერა, რომ დასაქმებაში ტექნოლოგიები კი არა, სამუშაოს მაძიებელი მიგრანტების მხრიდან კონკურენცია შეუშლის ხელს.
გამოკითხვა პორტალ Scuola.net-მა დიპლომისშემდგომი განათლების არასამთავრობო ორგანიზაცია Elis-თან თანამშრომლობით ჩაატარა.
ციფრული ტექნოლოგიების მიმართ დამოკიდებულების გამოსავლენად სულ 2,500 იტალიელი სტუდენტი გამოიკითხა.
გაირკვა, რომ ბევრი მათგანი მომავალ დასაქმებაში ხელოვნურ ინტელექტს კონკურენტად უფრო აღიქვამს, ვიდრე სასარგებლო სამუშაო ინსტრუმენტად. სტუდენტების 27%-ს სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ კარიერას საფრთხეს უქმნის, ხოლო 8% დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებთან კონკურენტული ბრძოლა უკვე წაგებული აქვთ და საოცნებო სამუშაოს ვეღარ მიიღებენ. ამასთან, ბიჭები, გოგონებთან შედარებით, უფრო პესიმისტურად არიან განწყობილი, რადგან ისინი ტექნიკურ სპეციალობებს უფრო ხშირად ირჩევენ.
თანამედროვე ტექნოლოგიების კონკურენციის იტალიელი სტუდენტების მხოლოდ 19%-ს არ ეშინია.
ბევრი რესპონდენტი საკუთარი კარიერული პერსპექტივის გარდა, მთლიან შრომის ბაზარს უყურებს ეჭვის თვალით. კერძოდ, ყოველი მეოთხე სტუდენტი თვლის, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს ეკონომიკის ყველა სექტორში ჩაანაცვლებს, ხოლო ყოველი მესამე ამას მხოლოდ დიჯიტალიზაციის მაღალი დონის მქონე სექტორებში მოელის.
ზოგადი სიფრთხილის მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის დადგომას სტუდენტთა მცირე რაოდენობა მოელის. AI-ინსტრუმენტებს რეგულარულად ან ხშირად სტუდენტების მხოლოდ მესამედი იყენებს, ხოლო ოთხი რესპონდენტიდან ერთს ის არასდროს გამოუყენებია. მანქანური სწავლების განვითარების შესახებ სიახლეებს 28% რეგულარულად ეცნობა და შესაბამის კურსსაც გადის. ახალი ტექნოლოგიებით ბიჭები (37%) უფრო მეტად არიან დაინტერესებული, ვიდრე გოგონები (22%). მათ შორის, ვინც AI-ინსტრუმენტების გამოყენება იცის, 46% შეძლებული, ხოლო 30% შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახიდანაა.
მკვლევარები, ასევე, დაინტერესდნენ სტუდენტების დამოკიდებულებით მიგრანტების მხრიდან კონკურენციისადმი, რასაც საფრთხედ გამოკითხულთა მხოლოდ 8% მიიჩნევს. 44% თვლის, რომ მიგრანტებს ადგილობრივი კადრების ჩანაცვლება მხოლოდ იმ სფეროებში შეუძლიათ, სადაც დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელი გამოიყენება. 48% დარწმუნებულია, რომ მონდომების შემთხვევაში მიგრანტებით სავსე ბაზარზეც იპოვის სამუშაოს.
გამოკითხულთა მხოლოდ 12% მიიჩნევს, რომ უცხოური მუშახელის შედინებამ შესაძლოა, ხელფასების შემცირება და სამუშაო პირობების გაუარესება გამოიწვიოს. ათი რესპონდენტიდან შვიდი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკაზე მიგრანტების წვლილი დადებითად აისახება, ხოლო 16%-ის აზრით, უცხოელი მუშახელის მიზიდვა, განსაკუთრებით, მაშინ არის აუცილებელი, როცა თავად იტალიელებს არ სურთ გარკვეული სამუშაოს შესრულება.
Elis-ის ხელმძღვანელი, პიეტრო კუმა ხელოვნური ინტელექტის მიმართ სტუდენტების ფრთხილ დამოკიდებულებას იმით ხსნის, რომ უნივერსიტეტები, როგორც წესი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას არ ასწავლიან. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა იტალიელებს, მიგრანტების შედინებასთან შედარები, ეკონომიკის დიჯიტალიზაცია ბევრად უფრო აშინებთ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ