ადგილობრივი თევზი აზერბაიჯანში გადის - სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყანამ 352.5 ტონა 3.003 მლნ აშშ დოლარის, ახალი ან გაცივებული თევზი შეიძინა, რაც 18%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2023 წლის იანვარ-მაისში 432.2 ტონა (4.033 მლნ აშშ დოლარი) თევზის იმპორტი განხორციელდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს, იანვარ-მაისში, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია თურქეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 82,3% მოდის.

უფრო კონკრეტულად:

  • თურქეთი - 290.1 ტონა (1.968 მლნ აშშ დოლარი)
  • ნორვეგია - 60.6 ტონა (1.001 მლნ აშშ დოლარი)
  • შრი-ლანკა - 650 კგ (7.1 ათასი აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები - 610 კგ (7.9 ათასი აშშ დოლარი)
  • საფრანგეთი - 520 კგ (17.7 ათასი აშშ დოლარი)

აღნიშნული მონაცემებიდან, გამოდის, წელს 1 კგ იმპორტირებული თევზის საშუალო ღირებულება 9 დოლარია.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი შემცირება 2020 წლიდან იწყება. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, წელს 5 თვეში საქართველოდან უცხოეთში ადგილობრივი წარმოების 17.1 ტონა (218.07 ათასი აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, ეს მაშინ, როდესაც, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 2 224 ტონა (1.015 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) იყო.

მონაცემების მიხედვით, 2024 წელს ადგილობრივი თევზის 96% გავიდა აზერბაიჯანში, 16.49 ტონა (208.44 ათას აშშ დოლარი), ხოლო, 4% სომხეთში - 670 კგ (9.6 ათასი აშშ დოლარი).

გამოდის, 1 კგ ექსპორტირებული ადგილობრივი თევზი საშუალოდ, 13 დოლარამდე ღირს.

შენიშვნა: ფასები დაანგარიშებულია, გადასახადების გარეშე. ასევე, სახეობები არ არის გამიჯნული.

ნინი ქეთელაური