„სოციალურად დაუცველები უკანონოდ თევზაობენ, მაგრამ ამ ხალხს იყენებენ, რადგან მათ ხელს ვერავინ მოკიდებს“, - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ bpn-თან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით, ის უკანონო თევზჭერასა და ზღვის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრებას გამოეხმაურა. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან, ელექტროდენით, ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი, ასევე მომწამლავი ნივთიერებით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურება დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 320დან 400 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ორიდან ოთხ წლამდე.
გარდა ამისა, ფულადი სანქციები მკაცრდება ზღვის დაბინძურებაზე.
თემურ ტყემალაძე ამბობს, რომ სანქციები კარგია, თუმცა მთავარი ნაწილი მისი აღსრულებაა.
„ესე იგი, აღსრულების მოტივაცია იზრდება. თუმცა, თუ სათანადო არ გაკონტროლდა, კანონს არავითარი აზრი არ აქვს. მთელი რიგი საკითხებია მოსაგვარებელი, სარგებლობენ რაღაც სტატუსებით. თუ ადამიანი სოციალური დაუცველია, მას სახელმწიფო ინახავს და ორიენტირებული უნდა იყოს სახელმწიფოსა და კანონზე. თუ ის ერთხელ-ორჯერ კიდევ გაიმეორებს იმავეს, მას უნდა მოეხსნას ეს სტატუსი და მიიღოს თავისი საკადრისი. ვგულისხმობ იმას, რომ სოციალურად დაუცველები უკანონოდ თევზაობენ, მაგრამ ამ ხალხს იყენებენ, რადგან მათ ხელს ვერავინ მოკიდებს. ძალიან მასშტაბურია ეს პრობლემა. მაშინ ესენი შეუშვან ეროვნულ ბანკში და ფული გამოატანინონ, იგივეა. სახელმწიფო ქონებაა ეს ყველაფერი, რა მნიშვნელობა აქვს ხის სახით გამოიტან, თევზის, ცხოველის, თუ ფულის. ყველამ იცის, რომ ასეა, მათ არავინ დაიჭერს და იყენებენ. გამოაქვთ იქიდან და ვიღაცას აძლევენ, მე ვერ დავუწყებ ახლა დევნას, ვის, რას აძლევენ.
არ შეიძლება ასე იყოს ქვეყანა მიშვებული. მდინარეების დაბინძურება, ბრაკონიერობა, გული გაგისკდება, ისეთი რამ ხდება. ხაშური, კახეთი, ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩემი აზრით, ბევრს სცოდავენ სამართალდამცველებიც. მომდის ინფორმაციები, რომ ისინი „კრიშავენ“ და აძლევენ ნებართვას.
კიდევ ერთი საკითხია, სასამართლო სისტემა. ჩვენ გვქონდა წინადადება, რომ იყვნენ სპეციალიზებული მოსამართლეები ამ მიმართულებით. ეს საკითხები უნდა ესმოდეს მას. ახლა რაღაცები იწყება, კარგია, მაგრამ როდისღაც ამ დარგს ხომ უნდა დაადგეს საშველი“, - ამბობს თემურ ტყემალაძე.