„უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოს ფინანსულ ნაწილში დახმარება დროებით უკვე შეუჩერა. ამასთან, შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც. ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ ბიუჯეტის დახმარებას დროებით წყვეტენ, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დახმარებას კი აძლიერებენ.
დასავლეთის ქვეყნები ფინანსურად საქართველოს როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხრივ უკვე წლებია ეხმარება. 2024 წელს ბიუჯეტში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოურ სახელმწიფოთა მთავრობებისგან მიღებული გრანტები, მთლიანი გრანტების თითქმის 57%-ს შეადგენს, დანარჩენი კი ცენტრალური სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გრანტებს წარმოადგენს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გრანტების მოცულობა 266 მლნ ლარით განისაზღვრა, აქედან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები 129.8 მლნ ლარს შეადგენს, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები - 20 მლნ ლარს, უცხოეთის იურიდიული პირის - 1.2 მლნ ლარს. ცენტრალური სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ების გრანტების მოცულობა 115 მლნ ლარით არის განსაზღვრული.
დოკუმენტი მიხედვით, ევროკავშირის გრანტი 105 მლნ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე დიდი რაოდენობით გრანტი შემდეგ პროექტებზე დაიხარჯება:
გარდა ამისა, ბიუჯეტის მიხედვით, გრანტებით განხორციელდება ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი, დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი და ა.შ.
ამასთან, სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული 20 მლნ ლარის გრანტიდან, 11.5 მლნ ლარი წარიმართება პროექტ ბიომრავალფეროვნებასა და მდგრად ადგილობრივ განვითარებაზე; 2.3 მლნ ლარი საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამაზე; 1.5 მლნ ლარი პროფესიული განათლების პროგრამაზე და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ ევროკავშირის მიერ მირებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას დროებით აჩერებს, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დახმარებას კი აძლიერებს.
„27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გავუძლიეროთ დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა, ესე იგი გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე, ყველა სფეროში“ , - განაცხადა შერაზ გასრიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე საქართველოს დახმარების შეწყვეტაზე განცხადებები გააკეთეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა. ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია. ფიშერის თქმით კი, მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმარტებიტ ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ.
„ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვართ საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ“, - აღნიშნა პეტერ ფიშერმა.