სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა აფხაზეთში აზიიდან ჩატანილი მუხის ხეების გავლენა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ კლიმატის ცვლილების გამო ისინი ადგილობრივ მცენარეებს საფრთხეს უქმნიან. ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ამ მარადმწვანე ხემ სიმაღლეში შესაძლოა, 20 მეტრს მიაღწიოს, მის ქვეშ ფართო ტერიტორია მჭიდროდ დაფაროს და სხვა მცენარეები დაჩრდილოს. ჩვენ შევამჩნიეთ მუხების აგრესიულ ზემოქმედება მეზობელ ტერიტორიებზე და ეს პროცესი გამოვიკვლიეთ. აღმოჩნდა, რომ ამჟამად მცენარე თავის გავლენის ზონას საგრძნობლად აფართოებს და იქიდან ადგილობრივი ფლორის წარმომადგენლებს აძევებს,” – წერენ რუსი მეცნიერები.
მათი მონაცემებით, სამი ან ოთხი მოწიფული ხის მიერ ფერდობებზე დაკავებული ადგილი დედამცენარეების მიერ დაკავებულ თავდაპირველ ადგილს ხუთჯერ აღემატება.
უნივერსიტეტის ცნობით, აფხაზეთში ეგზოტიკური მცენარეების შეტანა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, თუმცა უფრო აქტიურად მე-20 საუკუნის დასაწყისში, შავი ზღვის სანაპიროზე საკურორტო ზონის განვითარების ფარგლებში გაგრძელდა. მიმდინარე, 21-ე საუკუნეში მეცნიერებმა ზოგიერთი მცენარის აგრესიული ქცევა შეამჩნიეს, რამაც ადგილობრივი ფლორის სახეობების ჩანაცვლება გამოიწვია. ექსპერტები ამას კლიმატის ცვლილებასა და ანთროპოგენურ საქმიანობას, კერძოდ, სამრეწველო საწარმოების ტოქსიკური ელემენტების ემისიებს უკავშირებენ.
პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა მთის ზოგიერთ ფერდობზე ბოლო 20 წელში გავრცელებული ბამბუკისფოთლიანი მუხის (Quercus myrsinaefolia Blume) ქცევა შეისწავლეს. ეს იაპონურ-ჩინური წარმოშობის მცენარეა, რომელიც აფხაზეთში იმპერიის დროს ჩაიტანეს და გამწვანებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ იყენებდნენ. როგორც ირკვევა, მუხის ეს ხეები არამარტო ბლოკავს სხვა მცენარეებს მზის სხივებისგან, არამედ დიდი რაოდენობით რკოს ისხამენ, რომლებიც სწრაფად აღმოცენდებიან და მიმდებარე ტერიტორიებს იპყრობენ. ასეთ სწრაფ გავრცელებასა და ადგილობრივი მცენარეების გაძევებაში მუხას აფხაზეთის მთის ფერდობების კარგად დრენაჟირებული ნიადაგი ეხმარება.
მეცნიერთა აზრით, მუხა აფხაზეთის მთისწინეთს სერიოზულად ემუქრება, რომელიც უნიკალური ფლორისტული კომპლექსია და სადაც მრავალი რელიქტური და იშვიათი სახეობა არის წარმოდგენილი. პრობლემა შესაძლოა, ტერიტორიების აქტიური მონიტორინგით გადაწყდეს. ასევე, კლიმატის ცვლილების პირობებში სხვადასხვა შეტანილი ხის ქცევის მოდელირება უნდა მოხდეს.
პეტერბურგელმა მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს, რომ აფხაზეთის ფლორას მუხის ხეების გარდა, რუსეთში დეკორატიული მცენარის სახით მოყვანილი Solidago canadensis-იც უქმნის საფრთხეს, რომელიც მთისწინეთის მდელოს სივრცეებს ენერგიულად იპყრობს. კიდევ ერთი მცენარე ამერიკული ბუჩქი Baccharis halimifolia-ა, რომელიც მიტოვებულ ჩაის მინდვრებს მჭიდროდ ფარავს და სწრაფი გავრცელებით ბუნებრივ მცენარეულობას, ასევე, აქტიურად ანადგურებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ