მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოში ამ დროისთვის 825 244 მიწის ნაკვეთია დარეგისტრირებული, რომელთა საერთო ფართობი 523 689 ჰა-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემები ,,ბიზნესპრესნიუსს” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოაწოდეს.
სააგენტოს ინფორმაციით, უკვე 1 177 023 მიწის ნაკვეთია აზომილი, საერთო ფართობით 602 855 ჰა. ამავე ცნობით, დღეში საშუალოდ 3500-4000 მიწის ნაკვეთი იზომება და 27 000 რეგისტრირდება.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. პერიოდულად, ძლიერი წვიმების გამო, აზომვითი სამუშაოები დროებით ჩერდება, თუმცა, ეს გარემოება პროცესის გეგმის მიხედვით წარმართვას მნიშვნელოვნად ვერ აფერხებს.
შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საქართველოში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო. მიწის ნაკვეთების აზომვა-რეგისტრაცია 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი), უსასყიდლოდ, მიმდინარეობს. რეფორმის დასრულების ვადად 2025 წლის 1-ლი იანვარია განსაზღვრული.