2024 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6 ლარი იყო. Iset-ის კვლევის მიხედვით, სამთვიანი კლების შემდეგ, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინდექსი 2.9%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურად ინდექსის ზრდამ 6.8% შეადგინა.
ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტი გაძვირდა, გარდა კვერცხისა, რომლის ფასიც უმნიშვნელოდ (-1.7%) შემცირდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა კარაქის (+18.1%), რძის (+16.2%), საფუარის (+14.9%) და ყველის (+7.2%) ფასები, ხოლო ფქვილი 1.4%-ით გაძვირდა.
ამასთანავე, რძის პროდუქტების ფასების ასეთი ცვლილება შეიძლება საერთაშორისო ფასების ზრდით იყოს განპირობებული.
„FAO-ის რძის პროდუქტების ფასის ინდექსის თანახმად, რომელიც წლიურ ჭრილში 6.5%-ით გაიზარდა, ყველაზე მნიშვნელოვნად კარაქის ფასი შეიცვალა და 35.8%-იანი ზრდა დააფიქსირა. როგორც უკვე აღინიშნა, ივნისში ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილშიც გაიზარდა, რაც მეტწილად ყველის გაძვირებამ (+5.2%) გამოიწვია“, - ნათქვამია ISET-ის კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ ყველი ყველაზე მეტად ქუთაისში გაძვირდა: წლიურად – 19%-ით, თვიურად – 17%-ით.
„იქიდან გამომდინარე, რომ იმერეთი ქვეყნის უმსხვილესი ყველის მწარმოებელი რეგიონია, როგორც წესი, ფასების სეზონური ცვლილება ყველაზე შესამჩნევი სწორედ ქუთაისშია. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ ხაჭაპურის ინდექსის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ქუთაისში ყველის ფასების ზრდა სავარაუდოდ ქვეყნის სხვა რეგიონებზეც გავრცელდება“, - ნათქვამია კვლევაში.