ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელის მიხეილ ლომთაძის ქონება წლის დასაწყისიდან 1.97 მლრდ დოლარით გაიზარდა და 7 მლრდ-ს გადააჭარბა. ასევე წლის დასაწყისიდან თითქმის 900 მლნ დოლარით გამდიდრდა კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.
Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, ამ დროისთვის მიხეილ ლომთაძის ქონება 7.02 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში ქონება 5.05 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს რამდენიმე თვის განმავლობაში „გაეთიშა“. მაგრამ დღეს ის ისევ მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის იკავებს ადგილს და Bloomberg-ის რეიტინგში 403-ე ადგილზეა.
Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში 372-ე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც ამ დროისთვის 7.40 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წლის დასაწყისში მისი ქონება 6.6 მლრდ დოლარს შეადგენდა.