მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტი გამოქვეყნდა - რომელ ადგილზეა საქართველო

Henley Passport Index-მა ყველაზე ძლიერი პასპორტების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც გვიჩვენებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია უვიზოდ ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობა.

რეიტინგი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით არის შედგენილი და ის 199 პასპორტს და 227 ქვეყანას მოიცავს.

პირველ ადგილზე კვლავ სინგაპურის პასპორტია, რომლის მოქალაქეებს 195 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლა შეუძლიათ. მეორე ადგილზე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და ესპანეთის მოქალაქეები არიან, რომლებსაც ვიზის გარეშე 194 ქვეყანაში წასვლა შეუძლიათ.

193 ქვეყნის ნახვის შესაძლებლობით მესამე ადგილზე იმყოფებიან ავსტრიის, ფინეთის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, სამხრეთ კორეისა და შვედეთის მოქალაქეები.

საქართველოს პასპორტი აღნიშნულ რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს, 122 ქვეყნის უვიზოდ მონახულების შესაძლებლობით. მეზობელი რუსეთი 50-ე ადგილზე იმყოფება (120), თურქეთი 51-ე ადგილს იკავებს (118), აზერბაიჯანი - 72-ე ადგილს (73), სომხეთი კი 74-ე ადგილს იკავებს (69), რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში საქართველოს ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს.

მსოფლიოში ყველაზე სუსტი ავღანური პასპორტია. ავღანეთის მოქალაქეებს უვიზოდ მხოლოდ 28 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ.

ეკა დარჩიაშვილი