საქართველო ვაშლის ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში 34-ე ადგილზეა - როგორია მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლები

საქართველოდან შარშან 6 მლნ დოლარის ვაშლი გავიდა ექსპორტზე, რა ოდენობითაც ქვეყანა ღირებულების თვალსაზრისით 41 მთავარ ექსპორტიორს შორის 34-ე ადგილზეა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.

სამხრეთ კავკასიის ლიდერი აზერბაიჯანია, საიდანაც 2023 წელს 57 მლნ დოლარის ვაშლი გავიდა. ამ მონაცემით ქვეყანა რეიტინგში მე-17 ადგილზეა, ხოლო სომხეთი სიის ბოლო ადგილს იკავებს. ქვეყნიდან ექსპორტზე მხოლოდ 3 მლნ დოლარის ვაშლი გავიდა.

რეგიონის ლიდერი თურქეთია, რომელიც მე-9 ადგილით ტოპ 10-ეულშია. თურქეთმა გასულ წელს 175 მლნ დოლარის ვაშლის ექსპორტი განახორციელა. ირანი 63 მლნ დოლარის ექსპორტით რეიტინგში მე-15, ხოლო უკრიანა 18 მლნ დოლარის ოდენობით 25-ე ადგილზეა.

საქართველო ვაშლის საექსპორტო ღირებულებით უსწრებს ყაზახეთს, ავსტრალიასა და სლოვენიას, საიდანაც სათითაოდ 5 მლნ დოლარის ვაშლი გავიდა, ასევე, მალაიზიას, დანიასა და ირლანდიას, რომელთაგან თითოეულმა ექსპორტზე 4 მლნ დოლარის ვაშლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ვაშლის საექსპორტო ღირებულებით მსოფლიო ლიდერი იტალიაა, რომელიც ისეთ დიდ ბაზრებს უსწრებს, როგორიც ჩინეთი და აშშ-ია.

კერძოდ, ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:

  • იტალია - 995 მლნ დოლარის
  • ჩინეთი - 970 მლნ
  • აშშ- 931 მლნ
  • ახალი ზელანდია - 532 მლნ
  • სამხრეთ აფრიკა - 486 მლნ
  • ჩილე - 446 მლნ
  • პოლონეთი - 430 მლნ
  • საფრანგეთი - 422 მლნ
  • თურქეთი - 175 მლნ
  • ნიდერლანდები - 154 მლნ

წამყვანი ათეულის მიჯნაზეა იაპონია, საიდანაც გასულ წელს ექსპორტზე 119 მლნ დოლარის ვაშლი გავიდა.

ცნობისთვის: AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ