„პეივ ბანკ ჯორჯიას“ რეალურ გარემოში საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა

ეროვნულმა ბანკმა „პეივ ბანკ ჯორჯიას“ საბანკო საქმიანობის რეალურ გარემოში განსახორციელებლად შესაბამისი ლიცენზია მიანიჭა.

სებ-ის 2024 წლის 12 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით, ციფრულ ბანკს უფლება აქვს რეალურ გარემოში განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.

სს „პეივ ბანკ ჯორჯიას“ ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას. ბანკი მიზნად ისახავს მოემსახუროს ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიებს.

სს „პეივ ბანკ ჯორჯიას“ დამფუძნებლებად გვევლინებიან ფინანსურ სექტორში ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სართაშორისო გამოცდილების მქონე აქციონერები. სხვადასხვა დროს ისინი მუშაობდნენ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay, BT Group და სხვა.

გარდა ამისა, მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ისეთ მსხვილ და ცნობილ ფონდებთან, როგორებიცაა Quona Capital, FT Partners, BR Capital, w3.Fund და სხვა ენჯელ ინვესტორები.

„პეივ ბანკ ჯორჯია“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 7 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში მუშაობდა და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ჰქონდა.

„პეივ ბანკ ჯორჯიასთვის“ საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილების წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების ცვლილება ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.

თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ნათია ზარიძე