შიდა მოხმარების ზრდა და ინვესტიციები - ADB საქართველოს ეკონომიკის 9%-იანი ზრდის მიზეზებზე

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. ბანკის მიერ გავრცელებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში, რამდენიმე თემა საქართველოსაც შეეხო. დოკუმენტში საპროცენტო განაკვეთის დასტაბილურების შესახებ წერია და ერთ-ერთ მაგალითად საქართველოა მოყვანილი. ხაზგასმულია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ნაწილიც, რომლის თანახმადაც 2024 წლის პირველ 4 თვეში 9%-ით გაიზარდა. მიზეზად შიდა მოხმარების ზრდა და ინვესტიციები დასახელდა.

დოკუმენტის მიხედვით, 2024 და 2025 წლების ინფლაციის პროგნოზები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში შეცვლილია. განახლებული პროგნოზი ძირითადად მოსალოდნელზე დაბალ ფასებს ასახავს, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და ყირგიზეთში დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ინფლაცია 0,9%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ზოგად მიმოხილვას, მომავალი წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.9%-ზე შენარჩუნდა.

ამასთან, როგორც აზიის განვითარების პროგნოზის განახლებულ ანგარიშშია აღნიშნული, ინფლაცია წელს სავარაუდოდ, 2.9%-მდე შემცირდება, გლობალურად შემცირებული სურსათის ფასებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების გახანგრძლივებული ეფექტის ფონზე.

რეგიონის ყველაზე დიდი ეკონომიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზრდის პროგნოზი წელს 4.8%-ზე შენარჩუნდა. მომსახურების სფეროში პოსტპანდემიური უწყვეტი ზრდა, მოსალოდნელზე ძლიერი ექსპორტი და სამრეწველო საქმიანობა ხელს უწყობს ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უძრავი ქონების ფეხზე არც ისე მყარად მდგომი სექტორი ჯერ კიდევ გაძლიერებას საჭიროებს. მაისში მთავრობამ უძრავი ქონების ბაზრის ხელშესაწყობად ახალი ზომები გაატარა.

რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის - ინდოეთის პროგნოზი, 2024 წლის ფისკალური წლისთვის უცვლელად 7.0%-ზე შენარჩუნდა. მოსალოდნელია ინდოეთის მრეწველობის ძლიერი აღმასვლა, რასაც მსუბუქი მრეწველობა და სამშენებლო სექტორში გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს. სავარაუდოდ აღდგება სოფლის მეურნეობის ზრდაც, მიუხედავად მოსალოდნელი, ჩვეულებრივზე ძლიერი წვიმების სეზონისა. სახელმწიფო ინვესტიციების გამო, ინვესტიცირებაზე მოთხოვნა კვლავაც მაღალი რჩება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ეკა დარჩიაშვილი