YouTube Music-ზე სასურველი კომპოზიციის მოძიება სმარტფონში წამღერებით იქნება შესაძლებელი

YouTube Music მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. კერძოდ, მომხმარებლები სმარტფონში მელოდიის მოძებნას წამღერებით შეძლებენ.

ინფორმაციას Engadget ავრცელებს.

ახალი ფუნქციის შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, როცა ის გაზაფხულზე Android-ზე დაფუძნებული გაჯეტების მფლობელებისთვის ბეტაწვდომაში დაფიქსირდა, ხოლო მანამდე ცოტა ხნით ადრე iOS-ს ზოგიერთმა მომხმარებელმაც შენიშნა.

ამიერიდან ფუნქცია ყველა გამომწერისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სერვისში აცხადებენ, რომ ახალი ინსტრუმენტი „YouTube Music-ის 100 მილიონზე მეტი ოფიციალური სიმღერის კატალოგში სასურველ მელოდიას სმარტფონში ბუნებრივი წამღერებით მოძებნის.”

ამისთვის საკმარისია ძიების ღილაკზე დაკლიკვით ტალღის ფორმის ხატულას მოძიება, შემდეგ კი ყველაფერი მომხმარებელზე არის დამოკიდებული, რომელსაც ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს, მელოდია წაიმღეროს ან თუნდაც სხვა ინსტრუმენტზე დაუკრას, რომ სასურველი კომპოზიცია იპოვოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ