გიორგი გაბიტაშვილი - 2015 წლიდან დღემდე მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტი გამოვლინდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2015 წლიდან დღემდე მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტი გამოავლინა, მოქალაქეებს კი 66 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდათ.

როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამ დროის განმავლობაში, 95 საჯარო მოხელის ბრალეულობაა დადგენილი, 485 მოქალაქე კი დაზარალებულადაა ცნობილი.

„დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა. მისი შექმნის დღიდან მოყოლებული მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტია გამოვლენილი; დადგინდა 95 საჯარო მოხელის ბრალეულობა, მათგან სისხლის სამართლებრივი დევნა 31 პირის მიმართ დაიწყო და 16 პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი; 56 პირის მიმართ განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა; 8 საჯარო მოხელის მიმართ არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა მისი გარდაცვალების გამო; 10 მოქალაქის ბრალეულობა დადგინდა; დაზარალებულად ცნობილია 485 პირი; 333 -ს სახელმწიფომ დაუბრუნა დაახლოებით 66 მლნ ლარის ქონება, მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ავტომანქანა, ძვირფასეულობა, ფერწერული ტილოები და ა.შ; გადაისინჯა განაჩენი 124 მსჯავრდებულის მიმართ, საიდანაც 30 პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებდა. 121 ასეთი მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო სხვა საქმეების განხილვა გრძელდება.

რაც შეეხება გამოწვევებს, პირველ რიგში, ეს არის მოწმეთა ბაზის სიმცირე, უკვე დარჩენილ საქმეებზე. ზოგიერთი მოწმე გარდაცვლილია, ზოგი არაა საქართველოში და მათი მოძიება, ამ ეტაპზე, გართულებული. მეორე ეს არის საჭირო დოკუმენტების მოპოვების სირთულე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ზოგიერთი დოკუმენტი განადგურებულია, ზოგი თავიდანვე არ არსებობდა და ამიტომ ვერ ხერხდება ამ დოკუმენტების პოვნა, ესეც გვირთულებს საქმეს. შემდეგი პრობლემა ეს არის იძულებით დათმობილი და ჩამორთმეული ქონების პირვანდელი სახის არარსებობა და მათი აუქციონების გზით გასხვისება. მათ დღეს ჰყავთ კეთილსინდისიერი შემძენები და არ იქნება სამართლიანი აუქციონის გზით შეძენილი ქონება პირდაპირ ჩამოვართვათ ამ ხალს და დავუბრუნოთ მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში, უკვე ახალი მესაკუთრის უფლებების დაირღვევა“, - განაცხადა გაბიტაშვილმა.