ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისთვის პირობიანი ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. დოკუმენტის მიხედვით, აუქციონზე გამარჯვებული კომპანია გარე რეკლამის განთავსებაზე 10-წლიან ნებართვას მიიღებს. ნებართვის მიღების საწყისი ფასი 17 830 496 ლარს შეადგენს, აუქციონში მინიმალური ბიჯი კი 534 914 ლარს.
როგორ პირობებში ვკითხულობთ, აუქციონის საგანია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე შესაბამის უძრავ ქონებაზე (შემდგომში - „ლოტით გათვალისწინებული ტერიტორია“) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ექსკლუზიურად გადაცემა (გარდა წინამდებარე პირობებით განსაზღვრული გამონაკლისებისა), საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე პირობების შესაბამისად.
აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას მერიის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე საკუთარი შეხედულებისამებრ, განათავსოს სხვა სახეობის გარე რეკლამა მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პარამეტრების მიხედვით.
„აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია განთავსებული კონსტრუქციების ადგილმდებარეობის, მათი პარამეტრების და სარეკლამო ფართის ოდენობის დანართი 1-ის და დანართი 2-ის პირობებთან შესაბამისობის დადასტურებისთვის თითოეული კონსტრუქციის განთავსებიდან 3 თვის ვადაში წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ გაცემული დასკვნა.
გარდა არსებული ობიექტებისა, გამარჯვებული პირი უფლებამოსილია ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განათავსოს გარე რეკლამის არასტანდარტული საშუალებები (არაუმეტესი 3 კვ.მ., შემდგომში - „მცირე საშუალებები“), არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ერთეულისა.
გარე რეკლამის მცირე საშუალებად მიიჩნევა - ღია სივრცეებში (მაგალითად, მიწის ნაკვეთზე, გარე განათების ბოძებზე ან/და სხვა კონსტრუქციებზე/ნაგებობებზე) განთავსებული სარეკლამო დანიშნულების მანიშნებლები, რომელიც მიანიშნებს ამა თუ იმ კონკრეტული კომერციული ობიექტის მდებარეობის/ მიმართულების/საქმიანობის შესახებ და ა.შ.), აგრეთვე, კონკრეტული ბიზნეს-სუბიექტის საქმიანობის რეკლამირების მიზნით, ამ ბიზნეს-სუბიექტის მიმდებარედ განთავსებული, არასტანდარტული სარეკლამო კონსტრუქციები“, - აღნიშნულია პირობებში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია განათავსოს თანამედროვე ტიპისა და დიზაინის მქონე სარეკლამო კონსტრუქციები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე..
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, დაიცვას სარეკლამო ინფრასტრუქტურისა და მასზე გარე რეკლამის განთავსების უფლების (თანხმობა/გამოყენების უფლება/შეტყობინება და სხვ.) მოპოვების, განახლების/ვადის გაგრძელებისა და მათი ექსპლუატაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და სტანდარტები - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში გარე რეკლამის განთავსების სულ 66 ტექნიკური საშუალებაა მოწყობილი, საიდანაც უმეტესობა არის ბილბორდი და ლათბოქსი.
აუქციონი 2024 წლის 5 აგვისტოს სრულდება.