„პოლიტიკოსების ჯგუფი, გამარჯვების შემთხვევაში ღიად ჰპირდება ადამიანებს, რომ გააუქმებენ იმას, რაც მათ სიცოცხლეს იცავს“

„პოლიტიკოსების ჯგუფი, ღიად ჰპირდება ადამიანებს. რომ თუ მათ ხმას მისცემენ, გააუქმებენ იმას, რაც მათ იცავს“ - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო დაპირებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში სავალდებულო ტექინსპექტირების გაუქმებას გეგმავს.

„ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის დაპირება გამარჯვების შედეგად ტექინსპექტირების გაუქმების შესახებ, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია და პირიქით მეგონა, რომ ისინი მოუწოდებდნენ, რომ საქართველოში უსაფრთხოების სტანდარტები საჭიროებს ამაღლებას, რადგან ევროპულ მაჩვენებელზე 4-5-ჯერ მეტია ავარიების რიცხვი და მანქანების უსაფრთხოება გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ევროპაში. ევროკავშირში გაერთიანება გეოგრაფიული პროცესი ხომ არაა მხოლოდ, ეს არის მათი სტანდარტების გაერთიანება და მიღება, რომელიც სხვათაშორის იმ პოლიტიკოსებსაც მოსწონთ, რომლებიც ამ დაპირებებს იძლევიან“ - განაცხადა მესხიშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკოსები პირდაპირ ჰპირდებიან ადამიანებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გააუქმებენ იმას, რაც მათ სიცოცხლეს იცავს.

„ამ დროს რა ხდება ჩვენთან: პოლიტიკოსების ჯგუფი, ღიად ჰპირდება ადამიანებს. რომ თუ მათ ხმას მისცემენ, შესაძლოა, საგზაო შემთხვევის მსხვერპლი აღმოჩნდნენ და გააუქმებენ იმას, რაც მათ იცავს. არადა, უნდა შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანებისთვის უსაფრთხოების საერთო სტანდარტი უნდა არსებობდეს“ - განაცხადა დავით მესხიშილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.

ეკა დარჩიაშვილი