რუსულ KamAZ-ს ბაზრიდან  ჩინური ავტომობილები დევნიან

რუსული სატვირთო ავტომობილების მთავარი მწარმოებელი, KamAZ რუსულ ბაზარზე შესული ჩინელი კონკურენტების გამო მოგების კოლაფსს განიცდის. ინფორმაციას The Moskow Times ავრცელებს.

კერძოდ, კომპანიის სუფთა მოგება წლის პირველ ნახევარში 20,3-ჯერ დაეცა და 641,1 მლნ რუბლი (7,3 მლნ დოლარი) შეადგინა, ხოლო შემოსავალი 14,9%-ით, 156,3 მლრდ რუბლამდე (1,8 მლრდ დოლარამდე) შემცირდა.

KamAZ-ში ამტკიცებენ, რომ ეს დაბალი მაჩვენებლები 2023 წლის მაღალ ბაზასთან არის შედარებული, როცა მზარდი მოთხოვნა დაფიქსირდა. ასევე, კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის მაღალმა დონემ იქონია გავლენა.

2023 წელს რუსეთში 3,5 ტონაზე მეტი სატვირთო ავტომობილების ბაზარი 71%-ით, 143,7 ათას ერთეულამდე გაიზარდა. თუმცა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში KamAZ-მა გაყიდვები 30%-ით შეამცირა. კომპანიის მიერ ბაზარზე ტექნიკის მიწოდების გაზრდა მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებზე არის დამოკიდებული.

უკრაინის ფრონტზე ტექნიკის მიწოდების აუცილებლობის გამო რუსეთის ბაზარზე კომპანიის წილი 2022 წლის 36%-დან 2023 წელს 20%-მდე შემცირდა. ამ ფონზე ჩინურმა კომპანიებმა რუსული სატვირთო ავტომობილების ბაზრის დაპყრობა დაიწყეს.

კერძოდ, კომერციული მომხმარებლები ჩინურ ავტომობილებს ირჩევენ, რადგან ისინი, KamAZ-თან შედარებით, შესამჩნევად იაფია. ამასთან, ჩინური სატვირთოები, როგორც ევროპული მანქანების ასლები, სამართავად უფრო ნაცნობი და ადვილია, განსხვავებით KamAZ-ისგან, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ