როსტოვის აეს-იდან რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა გაჟონა?! - „როსენერგოატომი“ ინფორმაციას უარყოფს

როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევა გამოიწვია. როგორც ცნობილია, ღრუბელი ამჟამად სარატოვისკენ მიემართება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრეი კოვალენკოს თქმით, CIA-ს გადამდგარი ანალიტიკოსის სერჟ ვოლინის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოხდა რადიოაქტიური იზოტოპების გამოშვება, რომელთა აქტივობა 1,5 მლნ კიურის აღწევს. ამის შესახებ კოვალენკომ ტელეგრამის თავის არხზე განაცხადა.

ვოლინი ამტკიცებს, რომ წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბელი სარატოვის მიმართულებით რუსეთის სიღრმეში მოძრაობს. მეტიც, ვოლინის თქმით, ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური წყლის გადაუდებელი გამოშვება ჯერ არ არის ლოკალიზებული და ხდება რადიაციის მუდმივი გაჟონვა. მისი თქმით, ფონური გამოსხივება ნორმას უკვე 75-ჯერ აღემატება.

თავის მხრივ, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ რუსეთში. „როსენერგოატომმა“ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. სადგური იტყობინება, რომ ელექტროსადგურში ბლოკები ჩვეულ რეჟიმში ფუნციონირებენ და დენის გათიშვა არანორმალურ სიცხეს უკავშირდება.

„ენერგობლოკები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებენ, რადიაციული ფონი დადგენილ ნორმას არ აღემატება“, - აცხადებენ „როსენერგოატომში“.

როსტოვის ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახურის ინფორმაციით კი სპეციალისტები „აგრძელებენ ელექტროენერგიის გამომუშავებას სამხრეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემისთვის, რომელიც მოიცავს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქების რეგიონალურ ენერგოსისტემებს“.

როსტომის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1977 წელს დაიწყო. აეს-ი ექსპლუატაციაში 2001 წელს შევიდა. სადგურზე სულ 4 ბლოკია, აქედან ბოლო ექსპლუატაციაში 2018 წლიდანაა. ოთხივე ბლოკის დადგმული ჯამური სიმძლავრე 4 071 მგვტ-ს შეადგენს.

ეკა დარჩიაშვილი