„მინების დაბურვაზე მოთხოვნა 500%-ით გაიზარდა“ – „ზოგან 400 ლარსაც კი ითხოვენ“

მას შემდეგ, რაც ავტომობილების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 40%-ის ნაცვლად, 60%-მდე დაამუქონ, სერვისზე მოთხოვნა 500%-მდე გაიზარდა.

როგორც სხვადასხვა ავტომომსახურების კომპანიებში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მოთხოვნის პარალელურად გაძვირდა მინების დამუქებაც და ახლა საშუალოდ, 100-200 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა როგორც სერვის ცენტრებში აცხადებენ, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ზოგიერთ კომპანიაში დაბურვა 400 ლარიც კი ჯდება.

„რაც ეს ცვლილება ამოქმედდა, მინების დაბურვაზე მოთხოვნა 300% კი არა, 500%-ით გაიზარდა. გაძვირდა კიდეც, მაგრამ მგონი, ქალაქში ერთადერთი ვარ, ვინც ამ დრომდე ფასი არ გაზარდა. თვითონ მასალის შემოტანა გამიძვირდა, დაჩქარებული წესით, საჰაერო გზით. ჩემთან, წინა მინების დაბურვა, რაც დაშვებულია, სედანი საშუალოდ, 80 ლარი, ჯიპი 100 ლარი ჯდება. რადგან მე ჩამომაქვს მასალაც, ამიტომ არ გავაძვირე“- განუცხადეს bpn-ს ერთ-ერთ ავტოსერვისში.

„ჩვენთან 100%-ით გაიზარდა მოთხოვნა. მომსახურების ფასმაც 10%-მდე მოიმატა. გააჩნია ავტომობილს და მასალას, ჩვენთან 100-200 ლარამდე მერყეობს. მაგრამ, ზოგან 400 ლარსაც კი ითხოვენ, 2 მინის დაბურვაში“,- ამბობენ მეორე ავტოგასამართ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 ივლისის ბრძანებით, 3 ივლისიდან წინა გვერდითა მინების დამუქების პროცენტულობა შეიცვალა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 40%-ის ნაცვლად, 60%-მდე დაამუქონ. ახალი წესის თანახმად, წინა გვერდითა მინების დამუქება დასაშვებია 60%-ით, უკანა გვერდითა მინების - 75%-ით, ხოლო წინა საქარე მინის - 30%-ით.

იმისთვის, რომ ავტომობილის წინა გვერდითა მინებზე შუქგამტარობა 60%-ზე, ხოლო უკანა გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტით იყოს შემცირებული, მესაკუთრეს შს სამინისტროსგან სპეციალური თანხმობა ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლი/მფლობელი დაჯარიმდება.

რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ნორმებს, გამოიწვევს 100 ლარით, ხოლო იმ ავტომობილის მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება 10%-ზე მეტით აღემატება ნორმებს - 500 ლარით დაჯარიმებას.

ნინი ქეთელაური