AMAZON-ის 30 წლიანი ისტორია - წიგნების გამყიდველიდან ტრილიონ დოლარად შეფასებულ გიგანტამდე

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში AMAZON-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 2017 წლის მარტში აღმოჩნდა. დღეს კი ის უმდიდრესი ბიზნესმენია, რომელიც კაცობრიობის მომავალს განსაზღვრავს. თუმცა ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი ავტოფარეხიდან დაიწყო. წიგნების გამყიდველის ისტორია კი, რომელიც ტრილიონად შეფასებული კომპანიის დამფუძნებელი გახდა, ნამდვილ ზღაპარს გავს.

ბავშვობა

ჯეფრი პრესტონ იორგენსენლიტი 1974 წელს დაიბადა. მშობლები მალევე განქორწინდნენ, მოგვიანებით კი დედამისი კუბელ მიგელ ბეზოსს გაჰყვა ცოლად. მომავალი ბიზნესმენი მაშინ 4 წლის იყო. ბეზოსის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის ბაბუას დედის მხრიდან, ლოურენს პრესტონს, რომელიც აშშ-ის ატომური ენერგიის რეგიონალური კომისიის დირექტორად მუშაობდა, სწორედ მან დააინტერესა შვილიშვილი კომპიუტერებით.

ჯეფი მუდამ ახალი რაიმეს გამოგონებით იყო დაკავებული, აინტერესებდა, როგორ იყო ესა თუ ის ნივთი მოწყობილი, ბავშვობიდან კოსმოსი აინტერესებდა. ბეზოსმა სკოლა წარმატებით დაამთავრა და პრესტონის უნივერსიტეტში ჩააბარა ფიზიკის შესასწავლად, მაგრამ მოგვიანებით ინფორმატიკა და ელექტროსისტემების პროექტირება არჩია. შემდეგ 2 წელი ტელეკომ-სტარტაპში Fitel-ში იმუშავა, შემდეგ მსხვილ ბანკში Bankers Trust გადავიდა, მოგვიანებით კი საინვესტიციო ფონდში D.E. Shaw ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობდა.

ფონდში მან მაკკენზი ტატლი გაიცნო - წყვილმა 1993 წელს იქორწინა. 29 წლის ასაკში ბეზოსს უკვე შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. მალევე მან ყურადღება მიაქცია ფაქტს, რომ ინტერნეტმომხმარებლების რიცხვი 1 წელიწადში 2300%-ით გაიზარდა და გადაწყვიტა ეს მისთვის სასარგებლო შანსად ექცია. მან ინტერნეტით წიგნების გაყიდვა მოინდომა. პირველი სამუშაო მაგიდა ბეზოსმა ხის კარისგან ააწყო.

პირველი 30 დღე ის სარეკლამო მხარდაჭერის გარეშე მუშაობდა, მაგრამ Cadabra.com-ზე შეკვეთების რაოდენობა ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ სერვერი დატვირთვას ვერ უძლებდა. უკვე სექტემბრისთვის, ყოველკვირეული შემოსავალი 20 ათას დოლარს აჭარბებდა და შეკვეთები ამერიკის გარდა, კიდევ 40 ქვეყანაში იგზავნებოდა. ამჟამინდელ სახელწოდებას კომპანია მსოფლიოში უდიდეს მდინარეს უნდა უმადლოდეს. ლოგოტიპზე ისარი A-დან Z-მდე ნიშნავს, რომ Amazon-ის მომხმარებელი აქ ყველაფერს იპოვნის ა-დან ზეტ-ამდე. რამდენიმე წელიწადში ონლაინ მაღაზიაში კომპაქტ-დისკები, ტანსაცმელი და ელექტრონიკა გამოჩნდა.

პირველი სასაწყობე ფილიალების გახსნა

როგორც კი კომპანია გაიზარდა, მან დაიწყო სპეციალური საწყობების გახსნა, რომლებსაც ის ცენტრებს უწოდებს. პირველი მათგანი მდებარეობდა სიეტლში, ვაშინგტონში და ნიუ-კასლსში. დღეს მსოფლიოში 175-ზე მეტი ასეთი ცენტრი არსებობს. როდესაც ამაზონმა 2012 წელს 775 მილიონ დოლარად რობოტების მწარმოებელი Kiva Systems იყიდა, მისმა საწყობებმა ახალი ტიპის მუშაკები- რობოტები შეიძინეს.

გარდა ამისა, AMAZON- მა იყიდა რამდენიმე უდიდესი კომპანია. Amazon-ს თითქმის შვიდი წელი დასჭირდა რეალური ფულის გამომუშავებისთვის. ეს იყო 2002 წლის იანვარი, როდესაც მან თავისი პირველი მომგებიანი კვარტალი გამოაცხადა და გამოიმუშავა 5 მილიონი დოლარი.

ვცვლით კითხვის ხერხს...

2007 წლის ნოემბერში Amazon-მა გამოუშვა Kindle e-reader, რომელიც საშუალებას აძლევს ხალხს ჩამოტვირთონ ონლაინ წიგნები და წაიკითხონ ისინი ერთ კომპაქტურ მოწყობილობაზე. Kindle-მა განიცადა ტრანსფორმაცია ბოლო 17 წლის განმავლობაში. თუმცა ის საკმაოდ მომგებიანი პროდუქცია აღმოჩნდა. 2011 წლის სექტემბერში კი ბეზოსმა გამოუშვა თავისი პირველი ტაბლეტი: Amazon Kindle Fire. 2014 წელს ამაზონმა გამოუშვა Fire Stick –2022 წლისთვის მან გაყიდა 150 მილიონი Fire TV მოწყობილობა. 2014 წლის ივლისში კომპანიამ ასევე გამოუშვა ტელეფონი Amazon Fire. თუმცა, ეს ნამდვილად არ აღმოჩნდა ის პროდუქტი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ბაზარზე დომინირებულ ბრენდებს.

Whole Foods

amazonis-ofisi-1721416371.png

2016 წლის ივნისში, ამაზონმა დაიწყო სასურსათო პროდუქტების მიწოდების სერვისი. ხოლო 2017 წელს კომპანიამ Whole Foods 13,4 მილიარდ დოლარად შეიძინა. 2018 წლის იანვარში Amazon-მა გახსნა თავისი პირველი სასურსათო მაღაზია Amazon Go. ეს იყო მაღაზია, სადაც არ გჭირდებოდათ რიგში დგომა, პროდუქცია კი მოლარის გარეშე იყიდებოდა. დღეს აშშ-ში ასეთი ათეულობით მაღაზია არის გახსნილი. გარდა ამისა, კომპანიამ შეიმუშავა ბიომეტრიული გადახდები - სპეციალური სენსორები ამოიცნობენ პროდუქციას და თანხა ბარათიდან ავტომატურად იჭრება. 2020 წელს კი 1,2 მილიარდ დოლარად ბეზოსმა იყიდა თვითმართვადი მანქანების დამწყები ბრენდი- Zoox.

2020 წლის აგვისტოში ჯეფ ბეზოსი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც ფლობდა 200 მილიარდ დოლარზე მეტს. ბოლო მონაცემებით, ჯეფ ბეზოსი 209.7 მლრდ დოლარს ფლობს. მისი დაფუძნებული კომპანია კი 2 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი