აშშ-მა ორი რუსი ჰაკერი დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარასკევს სანქციების სიაში შეიყვანა ორი რუსი ჰაკერი, რომლებიც, ვაშინგტონის თქმით, ამერიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტების წინააღმდეგ ჰაკერულ თავდასხმებში მონაწილეობენ.

„აშშ აწესებს სანქციებს რუსი ჰაკერების ჯგუფის კიბერ არმიის (CARR) ორი წევრის მიმართ, აშშ-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კიბეროპერაციებში მათი მონაწილეობის გამო“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განცხადებაში.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციები დენის დეგტიარენკოსა და იულია პანკრატოვას დაუწესეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ CARR-ი 2022 წლიდან ახორციელებს კიბერშეტევებს, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, რომ 2023 წლის ბოლოს, CARR-მა აშშ-ისა და ევროპის რამდენიმე ინფრასტრუქტურის აქტივების სამრეწველო კონტროლის სისტემის შეფერხებაზე აიღო პასუხისმგებლობა.

ნათია ზარიძე