„ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
ურუშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე არაგამჭვირვალე სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა.
„ერთ-ერთი ყველაზე არაგამჭვირვალე ამ ქვეყანაში არის ივანიშვილის ხელისუფლება და მისი კლანი. როგორც „ქართუ ბანკი“, ასევე ივანიშვილთან დაკავშირებული სხვა ბიზნეს ორგანიზაციები არ იხდიან გადასახადებს ამ ქვეყანაში, არ შეაქვთ კონტრიბუცია სახელმწიფო ბიუჯეტში და მაქსიმალურად ცდილობენ, გაასაიდუმლოონ თავიანთი საქმიანობა. ეს არის ერთადერთი მიზეზით განპირობებული, მათი საქმიანობა არ არის ჯანსაღი, ისინი არ იმყოფებიან სხვა ბიზნესთან ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში და კორუფციული გზით, სახელმწიფო ძალაუფლებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების გზით, დიდძალ ფულს აკეთებენ ის კომპანიები და ის ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულები არიან, ერთი მხრივ, ივანიშვილთან ან მის გარემოცვასთან, რომლებიც ამ ქვეყანაში სარგებლობენ იმაზე დიდი ძალაუფლებით, ვიდრე შეიძლება სარგებლობდეს რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკი.
ესენი არიან უჩა მამაცაშვილი, რუხაძე, ჩხარტიშვილი, სულხანიშვილი და სხვები. არანაირ ვალდებულებას ეს ადამიანები არ გრძნობენ სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფო აუდიტის წინაშე და დადასტურება ამ ყველაფრის არის ის, რომ „ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.