„ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება წყალში აღმოჩნდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ახლა შავი ზღვის სანაპიროზე შენდება“

„ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება წყალში აღმოჩნდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ახლა შავი ზღვის სანაპიროზე შენდება“,- ამის შესახებ „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში უკვე შეინიშნება ზღვის წყლის დონის მატება და ეს საფრთხე საქართველოშიც არსებობს.

„უკვე დაფიქსირებულია მსოფლიოში ზღვის დონის მატება და 2050 წლისთვის შეიძლება 50მ-ით მოიმატოს. ჩვენ ვთვლით, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს საქართველოში შენდება, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება აღმოჩნდეს წყალში. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეყრდნობით იმ ზომებს, რასაც ჰქვია სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვა და არ არის ამის შესახებ კანონი მიღებული, თუმცა, ოდესღაც იყო გამზადებული ეს კანონპროექტი.

ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შავი ზღვის სანაპიროს ზონირება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რას, როდის, რისთვის ვაკეთებთ და რამდენად მისაღებია მაღალსართულიანი შენობების აშენება, როდესაც ასეთი საფრთხე გვაქვს, რომ ზღვის დონემ შეიძლება აიწიოს. ვიცით, რომ 1900-იანი წლების შემდეგ შავი ზღვის დონე მომატებულია 20სმ-ით და რომ კოლხეთის დაბლობი ზღვის დონეზე დაბალ ნიშნულზეა, ამიტომ ეს საფრთხე რეალურია.

ვფიქრობ, რომ ტერიტორიები შეიძლება დაიტბოროს, ისე, როგორც ფოთის ნაწილი დაიტბორა. ფოთის 60-იანი წლების ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე წყალშია მოხვედრილი. როცა ჩვენ მაღალსართულიან შენობებს ვაშენებთ და ასეთ დატვირთვას ვაძლევთ სანაპირო ზონას და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ტურიზმს განავითარებს, ამით შეიძლება საფრთხე შევუქმნათ სანაპიროს. არ გვაქვს საზღვაო სტრატეგია“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

ნათია ზარიძე