„ფულის გათეთრების ამბავია - გვაჩვენონ კონტრაქტი, რომელი ავიაკომპანია გადავა ვაზიანში“ - გიორგი კოდუა

„ლეგიტიმური ეჭვია, რომ არის ფულის გათეთრების ამბავი“ - აღნიშნულის შესახებ ვაზიანის აეროპორტზე კომენტირებისას „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა.

მისი თქმით, ვაზიანის აეროპორტი ვერ გახდება ჰაბი, რადგან საკმარისი რაოდენობის თვითმფრინავები საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს არ ჰყავთ. კოდუამ აღნიშნა, რომ მოქმედი ავიაკომპანიები ვაზიანის აეროპორტის ჰაბად ჩამოყალიბებისთვის ვერ შეძლებენ საჭირო რაოდენობის მგზავრთნაკადის მოზიდვას.

„ლამაზად არის შეფუთული, რომ ვაზიანის აეროპორტი ჰაბი უნდა იყოს, მაგრამ კითხვები არის ძალიან ბევრი, ჰაბი რომ იყოს, ამისთვის უნდა იყოს ეკონომიკურად ეფექტური. პირველი, ეს არის აფიორა, იმიტომ, რომ ჰაბი არ არის აეროპორტი, ჰაბი არის ავიაკომპანია. გვაჩვენოს კონტრაქტი რომელი ავიაკომპანია გადავა ვაზიანში და რომელი ავიაკომპანიის „სახლი“ იქნება ეს ახალი აეროპორტი - არც ერთის. მეორე, რომც არსებობდეს და გვაჩვენოს ჯორჯიან ეარვეისის კონტრაქტი მაგალითად, მას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის ფლოტი ჰაბისთვის.

ავტომატურად ისმევა კითხვა, რა ჰაბზეა საუბარი? იმ აეროპორტში რომელი ავიაკომპანია გადავა. თუ დაუკეტავენ რომელიმეს თბილისის აეროპორტს და ვაზიანში გადაიყვანენ - ჰკითხეს იმ ავიაკომპანიებს? ეს ავიაკომპანიები რომც გადავიდნენ, ეს ჰაბი არ იქნება. ლოკალურ ავიაკომპანიებს არ ჰყავთ ჰაბისთვის საკმარისი თვითმფრინავები და ისინი ვერ გამოიწვევენ იმ მგზავრთნაკადს, რამაც უნდა დააკმაყოფილოს შემოსავალი და მოგება. ლეგიტიმური ეჭვია, რომ არის ფულის გათეთრების ამბავი. სადღაც შავი ფულია და შესაძლოა, იმით უნდათ აშენება. დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

რამდენს დებს აზიის განვითარების ბანკი? დებს 2 მილიარდს? - არა. სიმბოლურად რაღაც თანხას დებს, მაგრამ რეალურ თანხას ვინ დებს? თუ ჩადებს, ის თანხა საკმარისია თუ არა იმ ინფრასტრუქტურისთვის, რაც უნდა მოეწყოს, ვგულისხმობ არამარტო აეროპორტს, არამედ მისასვლელ გზებსაც. ავიაციის კუთხით გეუბნებით, მთელი რიგი კითხვის ნიშნებია“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.

შეგახსენებთ, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. აეროპორტის მშენებლობის განვითარების გეგმაზე სახელმწიფო აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით მუშაობს. ADB-მ აეროპორტის გენ. გეგმის შემუშავებისთვის ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 734 986 დოლარს შეადგენს. პროექტის ნახევარს აფინანსებს ADB (დაახლოებით 376 ათას დოლარს).

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობა 260 მლნ დოლარი დაჯდება, აეროპორტი კი ჯამში 19 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით სანავიგაციო კვლევები უახლოეს პერიოდში დასრულდება. პარალელურად კი დაიწყება გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი და 2025 წლისთვის მზად იქნება.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია აეროპორტის მშენებლობა, 2028 წლის ბოლოს კი მზად იქნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენები განხორციელდეს.

მერი ტაბატაძე