„ტექინსპექტირების გაზრდილი საფასური დადებითად აისახება ბევრ ფაქტორზე“ - დავით მესხიშვილი

2025 წლიდან მსუბუქი ავტომობილების ტექინსპექტირების საფასურმა შესაძლოა, 30 ლარით მოიმატოს და 60 ლარის ნაცვლად 90 ლარი გახდეს. როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, ფასის მატება დადებითად აისახება ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ინსპექტირების ცენტრების ინფრასტრუქტირაზე და ა.შ.

„ხარჯები ინსპექტირების ცენტრებსაც გაეზარდათ, მათ შორის ინფლაციის გამო, ამიტომ დადგა საკითხი, რომ გაზრდილიყო მომსახურების საფასური. სხვათაშორის, ეს გაზრდილი თანხა დადებითად აისახება ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ინსპექტირების ცენტრების ინფრასტრუქტურაზე, კვალიფიციური კადრის შენარჩუნებაზე, რადგან დღეს ინსპექტირების ცენტრებიდან კვალიფიციური კადრები გარბიან, 1400 ლარ ხელფასზე მათ ძალიან უჭირთ გაჩერება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გარემო პირობებმა გამოიწვია“ - აცხადებს მესხიშვილი.

მან აჭარის მთიანი რეგიონის პრობლემებზეც ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.

„მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის მთიანი რეგიონი ფაქტობრივად ინსპექტირების გარეშეა დარჩენილი. კომპანია „გრინვეიმ“ მოძრავი ხაზი, ჩემი აზრით სრულიად უპასუხისმგებლოდ გადმოიტანა ბათუმში, დანარჩენი რაიონების მოსახლეობა ფაქტობრივად ინსპექტირების გარეშეა დარჩენილი. მინდა მივმართო აჭარის მთავრობას, მოახდინონ ამაზე რეაგირება, რადგან მთიანი რეგიონის ადამიანები მომსახურების გარეშე არიან დარჩენილები“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი